მოურინიო ბაიერნსაც დაუკავშირეს

პორტუგალიელი კოვაჩის შეცვლის მთავარი კანდიდატია

ჟოზე მოურინიომ მომავალი სეზონიდან შესაძლოა მიუნხენის ბაიერნი ჩაიბაროს. ამის შესახებ FootMercato-დან ვიგებთ. მოგეხსენებათ ნიკო კოვაჩის ბუნდესლიგური ამბები არც ისე კარგად მიდის და მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი სწორედ მოურინიოა.

 

წინა წლის დეკემბერში ჟოზე მანჩესტერიდან არასახარბიელო შედეგების გამო გაათავისუფლეს. მას მერე მისი სახელი არაერთ კლუბს დაუკავშირეს. იწერებოდა, რომ განსაკუთრებულს რეალი იწვევდა, თუმცა ბლანკოსში ზიდანი დაბრუნდა. შემდეგ ლიონისა და მონაკოს ვარიანტებმაც გაიჟღერა, მაგრამ წინსვლა არც ამ მხრივაა.

 

რაც შეეხება ბაიერნს, ნიკო კოვაჩი მთავარ მწვრთნელად სეზონის დასაწყისში დაინიშნა. მართალია გერმანული გრანდი ბუნდესლიგისთვის ბრძოლას კვლავ აგრძელებს, თუმცა ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალიდან გამოეთიშა და გარდა ამისა რეკორდმაისტერთა მესვეურები თამაშის ხარისხითაც აშკარად უკმაყოფილონი არიან.