კუტალიას ბენეფისი: დინამომ ჩემპიონი შეაჩერა

პირველი ჰეთ-თრიქი ეროვნულ ლიგაში და ჩემპიონის პირველი დამუხრუჭება: თბილისურ დერბიში დინამომ 4:2 მოუგო საბურთალოს.

ორჯერ აგებდა ჩისკოს გუნდი, მაგრამ ორივეჯერ გაათანაბრა და მეორე ტაიმში სათავისოდ დაასრულა მატჩი.

 

საუკეთესო იყო ლევან კუტალია, რომელმაც სამი გოლი გაიტანა. 29 წლის შემტევი დინამოშიც შედეგიანია და  სწორედ ის გახლავთ გუნდის ყველაზე კარგი შენაძენი. კუტალიამ ჯერ აკაკი შულაიას პასის მერე თავურით გაიტანა, მერე პენალტი გამოიყენა და მესამე, გადამწყვეტი ბურთი ასე შეაგდო: ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია ფრან კარბიას თავური და ლევანმა ფეხით დაამატა.

 

მშვენიერი იყო ბოლო გოლიც: კონტრშეტევაზე ლევან შენგელიამ ოსტატურად თავზე დაასვა ბურთი კარბიას და მანაც კარგად შეასრულა. ცნობისთვის, ფრან კარბია იუბილარია, 27 წლისა გახდა და გატანაც მოახერხა.  

 

არადა, პირველ ტაიმში და მეორე ტაიმის გარკვეულ მონაკვეთებში საბურთალო უკეთ გამოიყურებოდა. ლადო დვალიშვილმა სულაც მე-4 წუთზე გახსნა ანგარიში (ახლოდან ფეხით), ხოლო მეორე გოლი გიორგი კოხრეიძის პენალტით გავიდა.  

 

საერთოდაც, სანახაობრივად კარგი თამაში გამოდგა. იყო კარგი კომბინაციები და ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე, ხარისხიც ვარგოდა.  

 

საბურთალო ლიდერად დარჩა 12 ქულით, თბილისის დინამოს, ბათუმის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოს კი 9-9 ქულა აქვთ. ჯერ რა დროსია, წინ 31 ტურია...

 

დინამო - საბურთალო 4:2

 

გოლები: 0:1 დვალიშვილი (4), 1:1 კუტალია (20), 1:2 კოხრეიძე (24 პენ), 2:2 კუტალია (45+3), 3:2 კუტალია (79), 4:2 კარბია (90+3)

 

გაძევება: შულაია (85, დინამო)