კლაუს ტოპმიოლერი: ასე გავერიდე ჰოიზერის სკანდალს საქართველოში

რატომ ჩამოვიდა ტოპმიოლერი საქართველოში?

მაგარი ამბავი გერმანიიდან: ჩვენი ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ასახელებს იმ მიზეზს, რის გამოც მან საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.

კლაუს ტოპმიოლერი ჩვენთან ჩამოსვლამდე ბოლოს ჰამბურგს თავკაცობდა. 15 წლის წინ ის სწორედ ჰამბურგთან ერთად გერმანიის თასის პირველი ეტაპის მატჩის სათამაშოდ პადერბორნს ეწვია, 2:4 დამარცხდა და... 

სკანდალი, რომელმაც გერმანიასთან ერთად ნახევარი საფეხბურთო სამყარო მოიცვა, კლაუს ტოპმიოლერის განცხადებით დაიწყო და იმგვარი ფაქტების გამოაშკარავებით დასრულდა, რის გამოც იმ შეხვედრის 24 წლის არბიტრი რობერტ ჰოიზერი ვირის აბანოს გზას გაუყენეს. 

 

 

ტოპმიოლერმა შეხვედრის დასაწყისშივე იეჭვა, რომ ჰოიზერი თავის საქმეს მთლად კეთილსინდისიერად არ აკეთებდა და მეოთხე მსაჯს არბიტრის უცნაურ გადაწყვეტილებებზე მაშინვე მიუთითა. ტოპმიოლერი პროტესტს გამოთქვამდა და მეტი არაფერი, რას წარმოიდგენდა თუ გერმანულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალის „წინასიტყვაობას“ აკეთებდა.

მოგვიანებით, უფრო სწორად კი თამაშიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ გაირკვა, რომ პადელბორნს ჰოიზერი 67 ათას ევროდ ჰყავდა მოსყიდული. კომპენსაციის სახით ჰამბურგმა ნახევარი მილიონი ევრო და ერთი საერთაშორისო საქველმოქმედო მატჩის ჩატარების უფლება მიიღო. ისეთი მატჩის, რომელმაც კლუბს 1.5 მილიონი ევროს მოგება მოუტანა.

და რა შუაშია საქართველოს ნაკრებთან ეს სკანდალური ამბავი?! ახლავე.

„არა, არ მჯეროდა, რომ ჰოიზერი მაშინ მაიმუნობდა. უცნაურად კი მსაჯობდა, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი თუ არბიტრი განზრახ გვჩაგრავდა. როცა გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ჰოიზერი ამხილა, ჩემთვის მსოფლიო ჩამოინგრა, იმ წუთს ფეხბურთი დაინგრა, დაინგრა ის იდეალები, რისთვისაც ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. ფეხბურთი და მაიმუნობა ჩემთვის ერთად ვერასდროს იქნება“, - უთხრა კლაუს ტოპმიოლერმა ბილდს, რომელმაც თმაშევერცხლილ სპეციალისტს პადელბორნი - ჰამბურგის მორიგი სათასო დაპირისპირების წინ ამ ძველი ამბის გასახსენებლად მიაკითხა. 

 

 

მდგომარეობიდან როგორ გამოხვედით? - ჰკითხა ბილდის ჟურნალისტმა კლაუს ტოპმიოლერს.

„მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში კიოლნიდან და ჰოფენჰაიმიდან მქონდა წინადადება, გერმანიაში გაჩერება აღარ შემეძლო. აქაურობა უნდა დამეტოვებინა. ჰოდა, სწორედ მაშინ საქართველოდან დამირეკეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები დავიწყე და მალევე წარმატებით დავამთავრე. ასე გავერიდე ჰოიზერის სკანდალს საქართველოში“, - უპასუხა კლაუს ტოპმიოლერმა. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.