გერმანული ფეხბურთი უთავოდ დარჩა

ფილიპ ლამი მთავარი კანდიდატია 

 

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი რეინარდ გრინდელი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

 

გრინდელმა გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო და ამის შესახებ პრეზიდიუმის სხდომაზე საკონფერენციო ზარით ჩართვისას გამოაცხადა.

 

გერმანული ფეხბურთის ახალ მმართველს სექტემბერში აირჩევენ. მიუხედავად ამ თანამდებობის დატოვებისა, 57 წლის საფეხბურთო მოღვაწე მუშაობას ფიფას საბჭოში და უეფას აღმასრულებელ კომიტეტში გააგრძელებს.

 

მედია ბოლო პერიოდში აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გრინდელმა გუნდის მხარდაჭერა დაკარგა და პოსტსაც მალე დათმობდა. გრინდელის მემკვიდრედ გერმანული პრესა მიუნხენის ბაიერნის და ბუნდესნაკრების ყოფილ კაპიტან ფილიპ ლამს ასახელებს.

 

რეინარდ გრინდელი, რომელიც წარსულში ჟურნალისტიკაში, პოლიტიკაში და ფეხბურთში სხვადსხვა მიმართულებით მუშაობდა, გერმანიის ფეხბურთის ასოციაციას სათავეში 2016 წლიდან იდგა.