ვატო არველაძე: ნდობა კარგი თამაშით უნდა გაამართლო

ინტერვიუ ვატო არველაძესთან

ვატო არველაძე იმ ქართველი ფეხბურთელების რიცხვშია, რომლებმაც ბოლო პერიოდში პროგრესი განიცადეს. თბილისის ლოკომოტივიდან პოლონურ კორონაში გადასვლის შემდეგ ახალგაზრდა თავდამსხმელმა აშკარად მოუმატა და თავისი გუნდისთვის დიდ ძალად იქცა.

 

მისი კარგი თამაში არც ვლადიმირ ვაისის ყურადღების გარეშე დარჩენილა. სლოვაკმა სპეციალისტმა მას ეროვნულ გუნდში უხმო და ირლანდიურ ავივაზე 55 ათასი გულშემატკივრის თვალწინ ათამაშა. იმის გათვალისწინებით, რომ ვატომ ნაკრების მაისურა პირველად მოირგო, კარგად გამოიყურებოდა და ალბათ, კიდევ არაერთხელ მიეცემა თავის გამოჩენის შანსი.

 

 

სანაკრებო დებიუტზე და სხვა საინტერესო თემებზე 21 წლის ფეხბურთელს პოლონეთში დავუკავშირდით.

 

- თითქმის 8 თვეა რაც პოლონეთში გადახვედი. როგორ შეეგუე ჩემპიონატს?

 

- ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე. ექსტრაკლასასთან შეგუება მარტივი არ ყოფილა. გუნდთან ერთად ორი სრულფასოვანი შეკრება გავიარე და ზამთრის მერე ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრე. ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში ვარ და იმედია ასეც გაგრძელდება

 

- ბოლო დროს განსაკუთრებულად მოუმატე. რის ხარჯზე?

 

- მწვრთნელის ნდობას ვგრძნობ, რაც მეხმარება. კორონაზე არჩევანი სწორედ იმიტომ შევაჩერე, რომ ჯენი ლეტიერეს სურდა ჩემი გადაყვანა. ასეა, როცა მწვრთნელის ნდობა გაქვს კარგი თამაშით უნდა დაუფასო. შემტევი ფეხბურთელისთვის რწმენის ასამაღლებად ყველაზე მნიშვნელოვანი გოლებია და მეც ვცდილობ რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო.

 

- პოლონეთში თამაშისას ყველაზე მეტად რა კომპონენტში მოუმატე?

 

- თავიდან ფიზიკურად ცოტა გამიჭირდა. ექსტრაკლასაში თამაში ამ თვალსაზრისით კარგ მომზადებას მოითხოვს. ნელ-ნელა მოვუმატე, რაც თამაშზეც აისახა. თუნდაც ბოლო შეხვედრაში, საკმაოდ პრინციპულ მეტოქეს ვეთამაშებოდით და ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი მე ვირბინე. ახლა ბევრად უფრო მეტს ვმოძრაობ და დაცვასაც უფრო აქტიურად ვეხმარები.

 

- სანაკრებო თემაზე გადავიდეთ. შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებს როგორ შეაფასებ?

 

- გულდაწყვეტილები ვართ. ალბათ არავინ ელოდა იმას, რომ ორივე შეხვედრაში დავმარცხდებოდით...

 

- ეროვნულ ნაკრებში გამოძახებისას როგორი რეაქცია გქონდა?

 

- ფეხბურთელისთვის ამაზე მნიშვნელოვანი მომენტი არ არსებობს. როცა ნაკრებში გამოძახების შესახებ შევიტყვე, განსაკუთრებული გრძნობა და ემოცია დამეუფლა. დიდი პასუხისმგებლობაა როცა იცი, რომ შენი ეროვნული გუნდის მაისურით უნდა ითამაშო.

 

- ელოდი, რომ სავსე ავივაზე ძირითად შემადგენლობაში ითამაშებდი? ბევრი ინერვიულე?

 


 

- მჯეროდა, რომ ორიდან ერთ შეხვედრაში მაინც მივიღებდი მონაწილეობას. დუბლინში საოცარი ატმოსფერო იყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ არ მინერვიულია. როცა თამაში იწყება ასეთ რამეებზე უკვე აღარ ვფიქრობ.

 

- რა უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მიზანი ამ შესარჩევში?

 

- მთავარი ამოცანა ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა, რაც შეეხება შესარჩევ  ციკლს, უმჯობესი იქნება ამაზე მწვრთნელმა ისაუბროს.

 

- როგორია შენი მიზნები ამ სეზონში?

 

- ახლა მთავარია კორონაში სტაბილურად ვითამაშო. ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მოვუმატო და კლუბსა თუ ნაკრებს მეტად გამოვადგე.

 

- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

 


 

- საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშამდე რამდენიმე საათით ადრე მივდივარ, რადგან გუნდთან ერთად მეტი დრო გავატარო. ოჯახის წევრები, შეყვარებული და ხანდახან მეგობრები მსტუმრობენ. ვცდილობ როცა შანსი მაქვს, დრო მათთან ერთად გავატარო.

 

- პოლონეთში მოთამაშე სხვა ქართველებთან რამდენად ხშირი ურთიერთობა გაქვს?

 

- ერთმანეთისგან შორს ვცხოვრობთ, თუმცა მატჩის შემდეგ ყოველთვის ვკონტაქტობთ და გამარჯვებას ვულოცავთ ერთმანეთს. ლუკა ზარანდიასთან ერთად 21 წლამდე ნაკრებში ვთამაშობდი, მასთან ყოველთვის ახლო ურთიერთობა მქონდა და მაქვს კიდეც. ახლა პოლონეთში მერებაშვილი, გვილია, ივანიშვილი და გებადავა არიან, რომლებთანაც შეძლებისდაგვარად ვურთიერთობ.