გამოვა და გადაგივლის

არადა, რა ტკბილი იყო სანაკრებო ფეხბურთი სანამ ბოსმანი, ციფრული ტელევიზია და კიდევ რაღაც-რაღაცები არ აგვირევდნენ თავ-გზას

მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ გულშემატკივარი, რომელსაც არასდროს ეყოლება ბობოლა კლუბი. ანუ ევროპის საუკეთესოებს ვერასდროს გაეჯიბრება.

მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ გულშემატკივარი, რომლის ქვეყანაში თუკი ვინმე ნიჭიერი გამოჩნდება, იმწუთას საზღვარგარეთ გააქანებენ. იქ, სადაც მეტი ფულია.

მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ გულშემატკივარი, რომელსაც (თეორიულად) უცხოელებთან დასატოლებლად ნაკრებიღა რჩება. სხვა სიტყვებით, თუკი ოდესმე ჩვენი ბიჭები ევროპის წამყვან კლუბებში ითამაშებენ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მათგან შეკრული Seleção Nacional da Geórgia სადღაც რაღაცას მოახერხებს.


 

მაგ. როგორც ხორვატიამ მოახერხა.

ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ქართული კლუბების გამდიდრება-გაძლიერებაზე არ უნდა ვიზრუნოთ. ადრე თუ გვიან ჩვენთანაც შეიძლება მოფერიანდეს ერთი-ორი კლუბი, რომელიც შემდეგ ევროლიგის ან ღმერთმა ქნას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში მოხვდება, მაგრამ რეალებთან, ბარსელონებთან და იუვენტუსებთან დატოლებისა არ მჯერა.

მაგ. როგორც ზაგრების დინამო ვერ ეტოლება მაგ იუვენტუსებს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქვეყნის წამყვანი კლუბია.

ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ საკლუბო ფეხბურთი დიდი კომერციულ და ოხერ რამედ ჩამოყალიბდა. გამოვა რომელიმე ფულში ჩაქცეული გუნდი ათი უცხოელით და გადაგივლის, იმიტომ რომ იმ უცხოელების შესაძენი ფული აქვს. 


 

გაიხსენეთ, რამდენჯერ უთქვამთ კომენტატორებს, დღევანდელ შეხვედრაში, აქეთა გუნდში ადგილობრივი არავინაა, იქითაში კი მხოლოდ ერთიაო.

ის კი არა და მდიდრებიც ტირიან.

მაგ. პარი სენ ჟერმენი სულ ტირის. ფულის მეტი რა აქვს, ფინანსურ ფეარ პლეისაც დღედაღამ არღვევს (ალბათ), მაგრამ ძირძველ არისტოკრატიას ჯერჯერობით ვერა და ვერ უტოლდება. ეტყობა, რეალებთან, ბარსელონებთან და იუვენტუსებთან ჭიდაობას კიდევ რაღაც უნდა.


 

ჰოდა, დაგვრჩა სანაკრებო ფეხბურთი. უფრო სწორედ ოცნება, რომ ოდესმე კარგი ნაკრები გვეყოლება.

და რა არის ამისთვის საჭირო? აი, ეს უკვე ყველამ მამაო ჩვენოსავით ვიცით: ნაკრები მხოლოდ პირამიდის წვერია, ყველაფერი კი ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება და ასე შემდეგ.

არადა, რა ტკბილი იყო სანაკრებო ფეხბურთი სანამ ბოსმანი, ციფრული ტელევიზია და კიდევ რაღაც-რაღაცები არ აგვირევდნენ თავ-გზას. კლუბი კლუბი იყო და ნაკრები — ნაკრები. ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ.


 

მერედა თითქოს ქვეყნები სხვადასხვანაირად თამაშობდნენ, არა? მეშლება? 

ძველ გულშემატკივრებს ვეკითხები. თითქოს უფრო განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.

რატომღაც მგონია, რომ დღეს ბრაზილია გაცილებით ნაკლები ბრაზილიაა, ვიდრე მაშინ იყო.


 

და გერმანიაც ვეღარ არის მთლად გერმანია. რაღაც უფრო ფაქიზია და იოზილური.ანდა ჰოლანდია თავისი „წკაპა-წკუპით“?

იტალია სახეშეშლილი კაცის ჯიგრით?

ფენომენალური ხულიგნების თუ გაუჩოების არგენტინა? (ჩოლოები და გადარეული დიეგოები).

ახლა კი თითქოს ყველა ერთად არსენალში გადავიდა და იქ ერთმანეთს დაემსგავსა. თუმცა, დონე ძალიან მაღალია, რად უნდა ლაპარაკი.





ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.