მაკგრეგორი: შევხვდებით ოქტაგონზე!

კონორი შესაძლოა სპორტში დაბრუნდეს

ორ წონით კატეგორიაში, UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან სიტყვების ომი დაასრულა.

 

„მინდა, რომ ჩემი წარმატება ყველა რელიგიისა და რწმენის მქონე გულშემატკივარმა გაიზიაროს. ნებისმიერი რელიგია გვიბიძგებს იმისკენ, რომ უკეთესი პიროვნებები ვიყოთ. მსოფლიო ყველა ჩვენგანისთვის თანაბარია. შევხვდებით ოქტაგონზე!“,-დაწერა ირლანდიელმა Twitter-ში.

 

მაკგრეგორმა რამდენიმე დღის წინ, ჯერ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მერე კი რუს მებრძოლს შეურაცხყოფა მიაყენა. ნურმაგომედოვის მიმართ დაწერილ სიტყვებს: „შენი ცოლი აბაზანის პირსახოცია“,-გულშემატკივრის წყრომა მოჰყვა. ფანებმა მაკგრეგორი ისლამოფობიაში და რასიზმში დაადანაშაულეს. 

 

ამ ორი სპორტსმენის დაპირისპირება დიდი ხანია გრძელდება. ერთი წლის წინ, ბრუკლინში, UFC 223-ის მიმდინარეობისას მაკგრეგორი იმ ავტობუსს დაესხა თავს, რომელშიც ნურმაგომედოვი იჯდა. პოლიციამ მაკგრეგორი აიყვანა, თუმცა მან განყოფილება რამდენიმე დღეში დატოვა.

 

ოქტომბერში მეტოქენი ერთმანეთის წინააღმდეგ ოქტაგონზე წარდგნენ, სადაც ხაბიბმა ოთხ რაუნდში იმარჯვა, თუმცა მთავარი მოვლენები გალიის მიღმა განვითარდა. ნურმაგომედოვი მეტოქის სამწვრთნელო შტაბის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდა, რაც ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნევადის შტატის სპორტის კომიტეტმა ორივე მებრძოლი დააჯარიმა. კონორმა 50 000 დოლარი გადაიხადა და სპორტში 6-თვიანი იძულებითი პაუზა მიიღო. რაც შეეხება ხაბიბს, მას ნახევარმილიონიანი ჯარიმა და 9-თვიანი დისკვალფიკაცია დაეკისრა.

 

 

ბოლო პერიოდში, ხშირად იწერებოდა, რომ კონორს რევანშის აღება სურდა. მისმა ბოლო სიტყვებმა ეს ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა. თანაც, მაკგრეგორს კარიერის დასრულებაზე განცხადება აქამდეც გაუკეთებია, სისრულეში კი არასდროს მოუყვანია.