კასილასი: ზიდანი დელ ბოსკეს მაგონებს

რეალის ყოფილმა მეკარემ სამეფო გუნდის მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა

მადრიდის რეალის და ესპანეთის ნაკრების ლეგენდამ იკერ კასილასმა სამეფო კლუბში დაბრუნებული ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა. პორტუს ამჟამინდელმა მეკარემ ფრანგ სპეციალისტსა და ფურია როხას ყოფილ თავკაც ვისენტე დელ ბოსკეს შორის პარალელი გაავლო.

 

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, პროფესიონალ მწვრთნელად გახდომა მარტივი არ არის. როცა შენს თაობაში საუკეთესო, ხოლო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყავი, ერთი შეხედვით ჩანს, რომ დიდი მწვრთნელიც იოლად გახდები. რეალურად ეს ასე არ არის. ჩვენ არაერთი შემთხვევა გვინახავს, როცა მსგავს სიტუაციებში მოვლენები რადიკალურად განსხვავებულად ვითარდება.

 

ზიდანი ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც მუდმივად სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს. ის ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელსაც ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა აქვს და მათი ბრწყინვალება ახარებს. როცა ზიზუს პრესკონფერენციას ვუყურე, მომენტალურად დელ ბოსკე გამახსენდა. ვისენტეც, ანალოგიურად, ყურადღების ეპიცენტრში ყოფნას არასდროს ცდილობდა. ის მოხარული იყო, როცა მთავარ გმირებად ფეხბურთელები წარმოჩინდებოდნენ. მგონია, რომ ზიდანიც ანალოგიურ მწვრთნელად ყალიბდება“,-თქვა 37 წლის გოლკიპერმა.

 

კასილასმა ზიდანთან ერთად რეალში 5 წელი გაატარა.  ფეხბურთის ორმა ლეგენდამ ერთობლივად ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ესპანეთის, ხოლო ერთხელ ევროპის სუპერთასი მოიგო.