იუბილარი ლეგენდა

ალექსანდრე ჩივაძე 64 წლისა გახდა. სამწუხაროა, რომ მის საუკეთესო თამაშებს ვერ მოვესწარი და მხოლოდ 80–იანების მეორე ნახევარში მახსოვს, მაგრამ წიგნები, ვიდეოები, ყურით გაგონილი...

კაცი სასწაული იუმორით. გულშემატკივრებმა ამ ისტორიების უმრავლესობა იცის: მაგალითად, პატრულმა რომ გააჩერა და ჯარიმას უწერდა, ხოლო ჩივაძემ უთხრა – „რა იყო, კაცო, ფინალში კარლ ცაისისკენ იყავი?“..

 

თუმცა იყო ერთი ასეთი ეპიზოდი ოთხი–ხუთი წლის წინ. ბატონი საშა 21–წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი გახლდათ. მიხეილ მესხზე ვარჯიში მთავრდება, სამიოდე ჟურნალისტი ვუყურებთ. ბოლოს რამდენიმე ფეხბურთელი ერთმანეთს ეჯიბრებოდა ნულოვანი კუთხიდან ჩახვევაში... ვერცერთმა ვერ მოახერხა. ჩივაძემ გამოიარა, არხეინად დაარტყა და ჩაახვია. ტაში, სიცილი...

 

ბატონმა საშამ ნახევარხუმრობით დაიძახა: „აჰა, კიდევ ჩემი ბრალია, რომ ვერ ვიგებთ, არა?..“   

 

ალექსანდრე ჩივაძე ოქროს ბურთის ნომინაციაში მერვე ადგილზეა გასული და ფიფას ორდენის კავალერია. თბილისის დინამოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. დინამოს მაშინდელი ოქროს წლების ერთ–ერთი მთავარი შემოქმედი. დინამოში 425 მატჩი ჩაატარა და 62 გოლიც გაიტანა...

 

მისი შეტევაში ჩართვები ერთ ნახვად ღირდა, თუნდაც, ვესტ ჰემის კარში გატანილი გოლი გავიხსენოთ. დღეს ასეთი ტიპის მცველები, ფაქტიურად, აღარც არიან. ან თუ არიან, ძალიან ცოტანი: მათს ჰუმელსი, ვირჯილ ვან დეიკი... სხვა ფეხბურთია.

 

 

დიდი ფიგურა და ძლიერი ხასიათის რომ იყო, 1982 წლის მუნდიალზეც გამოჩნდა, შოტლანდიასთან. მისი შეცდომის გამო საბჭოეთმა გოლი გაუშვა და გადამწყვეტ თამაშს აგებდა, მაგრამ მერე შეცდომა გამოასწორა – გოლი გაიტანა. ის შეხვედრა 2:2 დასრულდა და საბჭოეთი გავიდა ჯგუფიდან. მეორე გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა.  ჩივაძე, ალბათ, არც დაუშვებდა, რომ გუნდს ასეთი მნიშვნელოვანი თამაში თავისი შეცდომის გამო წაეგო...

 

ვულოცავთ ბატონ საშას, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ.     

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.