კახა ბასილია დააპატიმრეს

სპორტის ერთ-ერთ ფუნქციონერს თაღლითობაში ედება ბრალი

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია დააპატიმრეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ (სუსი) ქართულ სპორტში მყოფი ერთ-ერთი ფუნქციონერი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

 

კახა ბასილიას ბრალად ედება სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით მითვისება.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 18-22 აპრილს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ სტამბოლში შოტოკანის მე-9 ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სათანადო დაფინანსება გამოიყო. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 4 სპორტსმენმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბ-მ, 2018 წლის 27 აპრილს და 28 მაისს, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ ჩემპიონატზე თითქოსდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული. ხსენებული გზით და სამინისტროს მოტყუებით, კახა ბ. 6 მონაწილის გასამგზავრებლად გამოყოფილ, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კუთვნილ 10 441 ლარს დაეუფლა“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.