ბაიერნი ახალ კანს იკრავს?

ლეგენდარული გერმანელი მეკარე მიუნხენურ გრანდში დასაბრუნებლად ემზადება

 ოლივერ კანი მოლაპარაკებას მიუნხენის ''ბაიერნთან'' აწარმოებს. შეთანხმების შემთხვევაში ლეგენდარული გერმანული მეკარე, მიუნხენური გრანდის აღმასრულებელ საბჭოში დასაქმდება. ამბობენ, 2021 წლის მიწურულს კარლ-ჰაინც რუმენიგე აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დატოვებს და მას სწორედ ოლივერ კანი შეცვლისო.

 

აღნიშნულ თემაზე კანმა ZDF-ის გადაცემა Aktuelle Sportstudio-ში ისაუბრა.

 

“ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ. ბოლო წლებში ბევრი რამ ვისწავლე და ვფიქრობ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობისთვის მზად ვარ. სხვა შემთხვევაში მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობას არ მივიღებდი. ბაიერნის სამეთვალყურეო საბჭო თანახმაა კლუბში ვიმუშავო, მოლაპარაკება შესანიშნავად მიმდინარეობს.''

 

49 წლის ოლივერ კანი მიუნხენის ''ბაიერნში'' 1994-2008 წლებში თამაშობდა. კანი გერმანულ გრანდთან ერთად ბუნდესლიგის გამარჯვებული რვაჯერ გახდა, ხოლო 2000-01 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორად მოგვევლინა.