სასწაული შემოტრიალება

ტარა მური დიდი ბრიტანეთის მეცხრე ჩოგანია

ჩოგბურთში სენსაციები როგორ არ გვინახავს, წყვილის ფავორიტებსაც წაუგიათ ხოლმე, ამა თუ იმ მოთამაშეს თითქოს უიმედო მატჩებიც შემოუტრიალებია, მაგრამ რაც ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ტარა მურიმ „ჩაიდინა“ ალბათ საუკუნეში ერთხელ ხდება.

 

მოკლედ, მურიმ, ინგლისის ქალაქ სანდერლენდში მიმდინარე ტურნირზე ფრანგი ჯესიკა პონშე 0:6, 7:6, 6:3 დაამარცხა. ამაში თითქოს გასაკვირი რა უნდა იყოს, ანგარიშიც ჩვეულებრივ საჩოგბურთოა და არა საკალათბურთო, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ ბრიტანელმა მეჩოგნემ მეტოქე წარმოუდგენელი ანგარიშიდან დაამარცხა. მურმა პირველი სეტი 0:6 წააგო, მეორეში კი 0:5 და 30:40 აგებდა. სასწაული შემოტრიალება კი სწორედ ამის შემდეგ შედგა.

 

ტარა მური დიდი ბრიტანეთის მეცხრე ჩოგანია, ხოლო დიდ სლემებზე საუკეთესო შედეგი უიმბლდონის მეორე წრეში გასვლაა.