ქართველი მსაჯი მსოფლიო თასზე

ნიკა ამაშუკელს დიდი ნდობა გამოუცხადეს

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ქართველი რეფერი მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებულ რანგით მეორე დონის ტურნირზე, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იმსაჯებს!

 

ამას წინათაც ვწერდით, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს 2018 წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, მსოფლიო რაგბის სამსაჯო კომიტეტმა სასელექციო ჯგუფში შეიყვანა, ახლა კი იმ 9 მსაჯს შორის დაასახელა, რომლებიც 4-იდან 22 ივნისის ჩათვლით, არგენტინაში გასამართ ტურნირში მოედნის მსაჯები იქნებიან. 

 

არგენტინაში გამგზავრებამდე ქართულ სამსაჯო ბრიგადას კიდევ ერთი საინტერესო თამაში ელის. 20 აპრილს კრასნოიარსკში, „ავანგარდზე“ რუსეთის ჩემპიონი ‘ენისეი’ განმეორებით მატჩში რუმინეთის ჩემპიონ ‘ტიმიშუარას’ მასპინძლობს. ესაა „კონტინენტის ფარის“ ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა. პირველი მატჩი დაძაბული გამოდგა და რუმინელებმა მეტოქე 20:18 დაამარცხეს. სასწორზე ჩელენჯ ქაფის საგზური დევს, რომელსაც ორი მატჩის ჯამში უკეთესი ფინალში გასვლასთან ერთად მიიღებს და ქართველი მსაჯების ასეთი მნიშვნელობის თამაშზე დანიშვნა, მათ მიმართ დიდი ნდობის მანიშნებელია.