ფორტუნა იეროგლიფით

გერმანიის იაპონური კუნძული

 

იაპონელი ფეხბურთელები უკვე დიდი ხანია ევროპული ფეხბურთის მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ, მაგრამ დიუსელდორფის ფორტუნას გარდა, არცერთ ევროპულ კლუბს აუწყვია იაპონელებთან სერიოზული მარკეტინგული სტრატეგია, შორსმიმავალი გეგმებით.

დიუსელდორფში, ევროპაში ყველაზე მრავარიცხოვანი იაპონური დიასპორა ცხოვრობს - 8 ათასი ადამიანი. ქალაქის ცენტრში იაპონური კვარტალიც კი არსებობს. საქმე ის არის, რომ გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ამ ქალაქში ბევრი იაპონური კორპორაციის ოფისი გაიხსნა. ანუ, დიუსელდორფს მაღალანაზღაურებადი ადამიანები შეემატნენ, რომლებსაც ბარ-რესტორნები, სასტუმროები, მარკეტები სჭირდებოდათ და ინფრასტრუქტურაც უცებ განვითარდა. მალე ეს დასახლება ქალაქის ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილი გახდა.

 

 

და რა შუაშია აქ ფეხბურთი? მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბების მესვეურები გაფაციცებით ეძებენ სპონსორებს აღმოსავლურ ავიაკომპანიებში, გერმანულ მანქანათმშენებლობასა თუ არაბულ ნავთობში. ფორტუნამ კი აქცენტი იმაზე გააკეთა, რაც დიუსელდორფში ყველაზე იოლი მოსაძებნია - იაპონურ ბაზარზე. 

კლუბის მარკენტინგის განყოფილებაში ერთი კაცი მუშაობს - გენგო სეტა, რომელიც იაპონურ პარტნიორებთან ურთიერთობს. დღეისათვის ფორტუნას ფინანსურ სტაბილურობას ხუთი მსხვილი იაპონური კომპანია - Toyo Tires, Hitachi, Makita, Fujifilm და AsahiKasei - უზრუნველყოფს. სეტა ამბობს, რომ დღესაც აქტიურად მუშაობს ახალი სპონსორების მოსაზიდად.

თუ კლუბის საიტზე შეხვალთ, იქ მხოლოდ გერმანულ და იაპონურენოვან ვერსიებს ნახავთ. არც ინგლისური, არც ფრანგული თუ ესპანური. იგივე ეხება საკლუბო დანართს, რომელიც გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტადაა შერაცხული. ფორტუნას YоuTube არხზე მრავალი ვიდეოს მოძიება შეიძლება, რომელიც ამომავალი მზის ქვეყანას ეხება. საფეხბურთო ამბებს იაპონური სუბტიტრები ახლავს, რომელიც ახალ იაპონელ გულშემატკივრებს აცნობს კლუბის ისტორიას და თანამედროვეობას.

 

 

მაისის ბოლოს დიუსელდორფში იაპონიის დღეს აღნიშნავენ, რომელზეც 700 ათასამდე სტუმარი გროვდება. ფორტუნა უკვე ათი წელიწადია ამ ღონისძიებაში მონაწილეობს. კლუბი თეთრ-წითელ სახელდახელო პავილიონს გამართავს ხოლმე (იაპონიის დროშის ფერები), იქვე ეწყობა საფეხბურთო მოედანი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია ითამაშოს. იყიდება უახლოესი მატჩის ბილეთები. ამ ღონისძიებას ტრადიციულად ფორტუნას პრემიალური სპონსორი, ავტომობილების  საბურავების მწარმოებელი ფირმა Toyo Tyres აფინანსებს.

რაც შეეხება იაპინელი ფეხბურთელების რიცხვს, ამჟამად ფორტუნაში ერთი იაპონელი, 26 წლის ნახევარმცველი ტაკაში უსამი ირჯება. ის კლუბში მეორე სეზონს ატარებს. მასზე  განსაკუთრებულ მარკეტინგულ გათვლას აკეთებენ. 

 

 

გასულ სეზონში დიუსელდორფში იჯარის წესით გენკი ჰარაგუჩი თამაშობდა. მანამდე ჯასტინ კინჯო. ყოველი ფეხბურთელი ვალდებულია იაპონურ სარეკლამო და სოციალურ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.

ფორტუნას ახალგაზრდულ გუნდებში ბევრ მოთამაშეს შეხვდებით იაპონური სკოლებიდან. ისინიც მარკეტინგული პროექტის ნაწილები არიან. ოცნებობენ რომ მათაგან ახალი შინჯი კაგავები გაიზრდებიან.

ფორტუნას სტადიონის ტერიტორიაზე ხშირად ეწყობა ექსკურსიები დიუსელდორფის საერთაშორისო იაპონური სკოლის მოსწავლეებისთვის. უშვებენ საკუთარ იაპონურენოვან ჟურნალს, რათა  იაპონელმა ბავშვებმა მეტი შეიტყონ კლუბის შესახებ.

ერთი ასეთი იაპონური კუნძული საქართველოსაც ხომ დახატავდა?!




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.