ფერდინანდი: მთავარია, გოლი არ გავუშვათ 

მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი გუნდის ამჟამინდელ მცველებს ურჩევს ...

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ბარსელონა დაუპირისპირდებიან. 2009 და 2011 წლების ფინალის მონაწილე გუნდები პირველ მატჩს ოლდ ტრაფორდზე ითამაშებენ.

 

მატჩის წინ, ყოფილი გუნდის ამჟამინდელ მცველებს რიო ფერდინანდმა რჩევები მისცა. წითელი ეშმაკების ვეტერანმა ფეხბურთელმა, BT Sport-ის ეთერში, მანჩესტერის მცველებს ლეო მესის შეჩერების გეგმა შესთავაზა.

 

„ბარსელონას თამაშის საკუთარი სტილი აქვს, რომელიც ბურთის კონტროლზე და გამუდმებულ შეტევაზეა დაფუძნებული. როცა კატალონიელები უბურთოდ არიან, მაღალ პრესინგს თამაშობენ.

 

აქ კიდევ ერთი დიდი პრობლემაა - პატარა კაცი, მესი. როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა და მისი შეჩერება? მცველებმა მესის სივრცე საერთოდ არ უნდა დაუტოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ძალიან ბევრ პრობლემას შექმნის.

 

რაც მანჩესტერის მცველებმა უნდა გააკეთოს, არის ის, რომ დარწმუნდნენ უშანსოდ არ არიან. მართალია, ის სუპერვარსკვლავია, ლეგენდაა და ერთ-ერთი საუკეთესო ვისაც ოდესმე უთამაშია, თუმცა მისი შეჩერება შეუძლებელი არაა. მატჩამდე, მანჩესტერის ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობების უნდა ირწმუნონ, რაც უკვე საქმის ნახევარია.

 

ბრძოლის ნახევარს გონებრივი ომი წარმოადგენს. თუ ამ მხრივ გუნდს პრობლემები არ ექნება, მაშინ გამარჯვებაზე ფიქრიც შესაძლებელი იქნება.

 

დარწმუნებული ვარ, ოლეს ექნება გეგმა, რომლითაც მესის შეჩერებას მოახერხებს, მთელი მატჩის განმავლობაში, მის წინააღმდეგ ერთი-ერთზე თამაში ძალიან რთულია.

 

საუკეთესო შედეგი იქნება, თუ დღეს მანჩესტერი გოლს არ გაუშვებს, ხოლო კამპ ნოუზე გატანილ გოლს სულ სხვა ფასი ექნება“,-თქვა 40 წლის ინგლისელმა.

 

ფერდინანდმა მანჩესტერში ჩემპიონთა ლიგა 2008 წელს მოიგო და ბარსელონასთან წაგებულ ორივე ფინალში ითამაშა.