სულშერი: ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ

"მეორე ნახევარში სიტუაცია შედარებით გამოსწორდა და ხალხმა ნამდვილი მანჩესტერი ნახა"

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, მანჩესტერმა ბარსელონას უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ეს ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე გავიდა. სუარესის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ლუკ შოუს მოხვდა და დე ხეას კარში აღმოჩნდა. აღნიშნულ მატჩზე წითელი ეშმაკების თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა ისაუბრა.

 

„შეხვედრა ნერვიულად დავიწყეთ. გაშვებული გოლის შემდეგ ბარსელონა უპირატესობას უფრო მეტად დაეუფლა და თამაშიც გაგვიჭირდა. რთული იყო კატალონიელთა შეტევების გამკლავება.

 

ბარსელონას წინააღმდეგ უბურთოდ თამაშიც უნდა შეგვეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრად ადრე დავიღლებით. მეორე ნახევარში სიტუაცია შედარებით გამოვასწორეთ და ხალხმა ნამდვილი მანჩესტერი ნახა. ჩვენ ფანების მხარდაჭერა ვიგრძენით, რაც ძალიან დაგვეხმარა. არის რამდენიმე დეტალი, რომელიც აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ. ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ, კამპ ნოუზე აუცილებლად უნდა გავიტანოთ,“-განაცხადა ნორვეგიელმა.

 

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა 16 აპრილს ბარსელონაში გაიმართება.