ექოფობია

საქართველოს ჩემპიონატებზე ხალხის შეტყუება ხომ საერთოდ წარმოუდგენელია… კვანტურ ფიზიკას უფრო ისწავლი კაცი

1978 წლის 16 ივნისს დინამოს სტადიონს შუაღამემდე შემოვრჩი. ბევრნი ვიყავით, მთელი ჩრდილოეთ ტრიბუნა. და როდესაც თორმეტს ოცი დააკლდა, მოხდა ის, რის გამოც არ მივდიოდით სახლებში — უკრაინელმა მძლეოსანმა ვლადიმირ იაშჩენკომ სიმაღლეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ის 234 სანტიმეტრს გადაევლო. მუცლით ქვევით. ახლა ასე აღარავინ ხტება, თამასას ზურგით გადააფრინდებიან ხოლმე. ეს გაზეთ „პრავდას“ პრიზზე მოხდა.

 

და მე მსოფლიო რეკორდის თვითმხილველი გავხდი!

 

იმ დღეებში არგენტინაში მსოფლიოს ძალიან მაგარი ჩემპიონატი იყო გახურებული. ფეხბურთზე ვამბობ. კონკრეტულად თექვსმეტში თამაში კი არ იყო, მაგრამ ქართველებს სპორტი ისე გვიყვარდა, რომ მართალია გონება და გული მთლიანად კემპესით, რიველინოთი და ამბებით გვქონდა დაკავებული, მაინც დავესწარით მძლეოსნობის ტურნირს, რომელიც თუ სწორად მახსოვს ორ დღეს გაგრძელდა.  

 

 

და შუაღამეზე იაშჩენკომ მსოფლიო რეკორდით გვცა პატივი. მეორე დღეს, აღმოსავლეთ ტრიბუნაზე მისი დიდი ფოტო-ბანერი გამოკიდეს. თვითონაც გამოვიდა და ხალხს მიესალმა… 

 

საბრალო, მერე გალოთებულა და 40 წლისა გარდაცვლილა, მაგრამ ეს უკვე ჩვენი ბლოგის თემა არ არის. ეს ადამიანის ტრაგედიაა.
არ ვიცი კარგი მაგალითი მოვიტანე თუ ცუდი, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ მაშინ სპორტი მართლა ძალიან გვიყვარდა. ძიუდოს ტურნირზე 10 ათასიანი სპორტის სასახლე ივსებოდა. კალათბურთის ტურებზე აღარაფერს ვამბობ. ის კი არა, ტანვარჯიშზე დავდიოდით, იქაც რომელიღაც გაზეთის პრიზი თამაშდებოდა. ნუ, ხელბურთი ხომ ჩვენი ერთ-ერთი უსაყვარლესი სპორტი იყო: ჩემს დროს ალექსანდრე ანპილოგოვი გვყავდა დიდი ვარსკვლავი. „ქარიშხალას“ ვგულშემატკივრობდით: ტაბიძე, ბერიაშვილი, ბარამიძე, დოლიძე… მოკლედ, სერიოზულ სახეობებში კი არა, ხმამაღლა ყვირილში ან ლურსმნების გადაღუნვაში რომ ჩაეტარებინათ რამე შეჯიბრება, ტრიბუნები გაივსებოდა.

 

 

ხელბურთზე გამახსენდა… 2017 წელს თბილისში მთელი მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა ჭაბუკებს შორის — სამხრეთ ამერიკიდან იყვნენ გუნდები ჩამოსული. საბჭოთა კავშირის დროს წარმომიდგენია, თამაშებზე რამდენი ხალხი ივლიდა, ახლა კი საქართველოს თამაშებზე მშობლები მოდიოდნენ და დაახლოებით სულ ეს იყო (იგივე განმეორდა 2018 წელს ევროპის ჩემპიონატზეც). ჰოდა, იმ მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში ერთი ოდესღაც სპორტის მოყვარული ნაცნობი შემხვდა. სად მიდიხარო. ვუთხარი, ჭაბუკებს შორის ხელბურთში მთელი მსოფლიოს ჩემპიონატია და იქ, მეთქი. ცოტა ინდიფერენტული, ცოტაც დამცინავი სახით შემხედა დამკითხა, ამათ (ჩვენებს) საერთოდ ბურთი აქვთ, ჩემპიონატს რომ ატარებენო. ერთხელაც გავუმეორე, რა შეჯიბრება ტარდებოდა და სიტყვა მსოფლიოს რომ ვამბობდი, მეტი ეფექტისთვის ხელით გლობუსი შემოვხაზე. 22 გუნდია ჩამოსული კორეა, არგენტინა და ჩილეც კი აქ არიან და ბურთი როგორ არ იქნება, მეთქი. კარგი, რაო, ხელი ჩაიქნია და გამშორდა.

 

 

და, იცით, მე მას გავუგე. ადამიანს, რომლის ნერვებზეც ბოლო ათწლეულების განმავლობაში უშუქობით, პურის ხუთკილომეტრიანი რიგებით და ქუჩებში ავტომატის სროლით დაწყებული, ერთიმეორეს მიყოლებული ისტერიული არჩევნებით დამთავრებული ყველაფერმა გადაიარა, რომელსაც ტელევიზიით ყოველდღე ესმის, რომ გაზი აფეთქდა და ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა, უბრალოდ აღარ სჯეროდა, რომ მის ქვეყანაში კიდევ ჰქონდათ ისეთი სახალისო საგნები, როგორიც ბურთია.

 

არადა, მსოფლიოს ჩემპიონატს ხომ ბურთების გარეშე არავინ ჩაგატარებინებს. მეტსაც გეტყვით, საერთაშორისო ფედერაცია თავად ჩამოგიტანს იმ ფირმის ბურთებს, რომლითაც დიდ შეჯიბრებებს ატარებს…

 

ზოგი კი ასე კითხულობდა: ეგ რომელი ხელბურთი, ფრენბურთიო. 

 

 

არადა, ღვთის მადლით ვმასპინძლობთ ქართველები რაღაც-რაღაცებს. გადახედეთ ბოლო წლებს: თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი რაგბიში, 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, საჭადრაკო ოლიმპიადა, ხელბურთის ასაკობრივი მსოფლიოები და ევროპები ყოველ წელიწადს (ამ ზაფხულსაც იქნება ორი მსუყე შეჯიბრება), ძიუდო, ძალოსნობის ევროპა, ფრენბურთელ ქალთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფი…

 

 

ოღონდ, ახლა ნუ მეტყვით, რა გინდა, რაგბისა და ფეხბურთში ჩვენების თამაშზე ხალხი ხომ დადიოდაო. სამაგიეროდ, იმავე ფეხბურთში ინგლისის(!) შეხვედრებზე ისეთი სიცარიელე იყო, რამე რომ დაგეძახა სტადიონი ექოს მოგაძახებდა.

 

საქართველოს ჩემპიონატებზე ხალხის შეტყუება ხომ საერთოდ წარმოუდგენელია… კვანტურ ფიზიკას უფრო ისწავლი კაცი. უბრალოდ, ამ ბლოგში ჩვენი ჩემპიონატების თემას შეგნებულად ავუარე გვერდი — ჩემი ჭკუით ჯერ საერთაშორისო შეჯიბრებებზე და ზოგადად სპორტის სიყვარულზე გავამახვილე ყურადღება.

 

 

და ბოლოს, ვიცი, უმიზეზოდ არაფერი ხდება, მაგრამ მაინც მაშინებს ცარიელი დარბაზების და სტადიონების ექო. მაშინებს, რადგან იმ თაობიდან ვარ, იაშჩენკოს რეკორდს შუაღამემდე რომ ელოდა. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.