კლუბი, სადაც უკეთესები ხდებიან

გრონინგენი პატარა, 200 000–იანი ქალაქია ჰოლანდიაში. ქვეყნის მასშტაბით მაცხოვრობლების მიხედვით მერვეა. 

საფეხბურთო კლუბი გრონინგენი შედეგის მხრივ კლდეებს ვერ ანგრევს, ჩემპიონი არასოდეს გამხდარა და აიაქს–პსვ–ფეიენოორდთან, აბა, ახლოს როგორ მივა.

 

ერთი ნიშა აქვს. ამ კლუბში ფეხბურთელები უკეთესები ხდებიან. ახლა ჩამოვთვლით 7 ვარსკვლავს, რომელთა ტრამპლინიც გრონინგენი გამოდგა.

 

არიენ რობენი (2000–2002)

რობენი 18 წლისა იყო, როცა გრონინგენის მთავარ გუნდში მოხვდა, მანამდე კი ამავე კლუბის აკადემიაში გახლდათ. ორი სეზონიც და 4,7 მილიონ დოლარად გაიყიდა პსვ–ში, მერე კი მიჰყვა და მიჰყვა... სხვათა შორის, იმ პსვ–ში გოგა გახოკიძე თამაშობდა. პატარა ჰოლანდიელი და გოგა დაახლოებით ერთ პოზიციაზე იყვნენ. კონკურენტები.

 

ლუის სუარესი (2006–2007)

გრონინგენმა 19 წლის სუარესი ურუგვაის ნასიონალიდან იყიდა. ტრანსფერმა 1,1 მილიონი დოლარი შეადგინა. მხოლოდ ერთი სეზონი, 37 თამაშში 15 გოლი და ბიჭიც აიაქსშია. ამსტერდამელებმა 9 მილიონი დოლარი ჩაუთვალეს პატარა კლუბს. სხვათა შორის, აიაქსმა თავიდან 5 მილიონი შესთავაზა გრონინგენს, რაზეც უარი მიიღო. ამაზე კი სუარესმა ატეხა ერთი ამბავი. ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციაში შეიტანა თავისი საქმე – კონტრაქტში იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც გრონინგენმა ურუგვაელი ვეღარ დააკავა. ეგაა, თანხა აუწიეს.      

 

რონალდ კუმანი (1980–1983)

ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი. მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეგოლე–მცველი. კაცი საჯარიმოებს პენალტივით ურტყამდა: უმეტესად ძალაზე გათვლით, თუმცა არც ჩახვეულებზე ამბობდა უარს. გრონინგენის აკადემიის გამოშვებაა, 17 წლისა დააწინაურეს მტავარ გუნდში. სამი წლის მერე კი აიაქსში გადავიდა. მერე იყო პსვ, ბარსელონა, ბოლოს ფეიენოორდიც... პიკი, რა თქმა უნდა, ბარსაში ჰქონდა.    

 

 

ვირჯილ ვან დეიკი (2011-2013)

ვინ იყო ვან დეიკი 20–21 წლის ასაკში? არაფრით გამორჩეული მცველი. ბევრი თანატოლი ჰოლანდიელი ჭაბუკი სჯობდა. მხოლოდ 20 წლის ასაკში დააწინაურეს გრონინგენის მთავარ გუნდში. თუმცა სულ პროგრესირებდა და ისე მოხდა, რომ ორ წელიწადში 2,6 მილიონ ევროდ გაიყიდა სელტიკში. ერედივიზიონის მაგარი ფეხბურთელები სელტიკში არ მიდიან, მაგრამ რა აზრი აქვს, ვინ იყო გუშინ? მთავარია, ვინაა დღეს. აი დღეს კი ვან დეიკი მსოფლიოს ერთ–ერთი უმაგრესი მცველია და ლივერპული მის გარეშე წარმოუდგენელიცაა.   

 

დუშან ტადიჩი (2010–2012)

ტადიჩი გიორგი მერებაშვილის თანაგუნდელი იყო სერბულ ვოივოდინაში, საიდანაც გრონინგენმა სულ რაღაც 1,23 მილიონ ევროდ იყიდა. ორ წელიწადში კი ტვენტემ 7,7 მილიონი ჩაახუტა გრონინგენს... ტადიჩმა გრონინგენში 68 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. ამდენი ლამის ახლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე აქვს გატანილი.

 

დელი ბლინდი (2010)

აიაქსმა ექვსი თვით გაანათხოვრა და იმ ექვს თვეში ბლინდმა მშვენივრად ითამაშა. გრონინგენიდან აიაქსში დაბრუნებულმა კი აშკარად მოუმატა და პრაქტიკაც გაეზარდა. ისე, გრონინგენს 1,5 მილიონ ევროდ სურდა ბლინდის ყიდვა და ფაქტობრივად გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ ბოლოს ჩაიშალა.  

 

ანდრეას გრანკვისტი (2008–2011)

შვედს უიგანთან კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა გრონინგენში, სადაც ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სამ წელიწადში კი 2 მილიონ ევროდ გაყიდეს იტალირ ჯენოაში. წარმოიდგინეთ, 2010–2011 წლების ჰოლანდიურ სეზონში 11 გოლი გაიტანა. ცენტრალურ მცველზეა საუბარი...

 

P.S. შვიდი ფეხბურთელი ჩამოვთვალეთ. აქედან მხოლოდ ერთია ისეთი, რომელიც წინა საუკუნეში თამაშობდა. ეს საუკეთესო შვიდეულია, თორემ კიდევ ბევრის დასახელება შეიძლება, ახალგაზრდობისას გრონინგენი რომ გაიარეს, ან სულაც იქ დაიწყეს პროფესიული კარიერა. მაგალითად, ერვინ კუმანი, მარკუს ბერგი, ფილიპ კოსტიჩი... თუმცა ასე შორს წავალთ, სიასაც ცოტა გავაუფერულებთ.

 

სხვათა შორის, ახლაც ჰყავთ ერთი 18 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბარსელონას აინტერესებს: ნახევარმცველი ლუდოვიტ რეისი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.