ბაიერნის ვარჯიშზე ინციდენტი მოხდა

მიუნხენური კლუბის ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

 

გერმანული bild-ის ცნობით, მიუნხენის ბაიერნის ვარჯიშის დროს ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის მთავარი მონაწილენი გუნდის თავდამსხმელები რობერტ ლევანდოვსკი და კინგსლი კომანი იყვნენ.

 

პოლონელი და ფრანგი ფეხბურთელი თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც საბოლოოდ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. გერმანული გაზეთის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ჩხუბის მიზეზი ლევანდოვსკის მიერ კომანისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვა გახდა. ბავარიელთა გამოცდილმა ლიდერმა ახალგაზრდა ფეხბურთელს ვარჯიშისადმი მეტი ყურადღების დათმობისკენ უხეში ფორმით მოუწოდა.

 

მომხდარის შემდეგ, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ორივე ფეხბურთელი დაიბარა და ცალკე გაესაუბრა. ხორვატმა სპეციალისტმა ორივე მოთამაშე მკაცრად გააფრთხილა. 

 

კლუბის ხელმძღვანელობა ინციდენტის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა გერმანულ მედიაში უკვე გაჟონა ვერსიამ, რომ სეზონის ბოლომდე ორივე ფეხბურთელს პირველი გუნდიდან დააქვეითებენ.

 

საგულისხმოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლევანდოვსკი მსგავს სიტუაციებში აღმოჩნდა. მცირე ხნის წინ, მატს ჰუმელსმა თქვა, რომ 30 წლის პოლონელი თანაგუნდელების მიმართ დამამცირებელი ხუმრობებით გამოირჩეოდა.