ბლანი შესაძლოა ლა ლიგაში დასაქმდეს

საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ს ყოფილი მწვრთნელი ესპანურ კლუბს დაუკავშირეს

 

პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი ლორან ბლანი, ახალი სეზონიდან სევილიას მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია.

 

ესპანური Marca-ს ცნობით, ანდალუსიური კლუბი რამდენიმე სპეციალისტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მთავარი სამიზნე კი სწორედ 53 წლის ფრანგი გახლავთ.

 

ბლანი სევილიას მთავარ მწვრთნელად დანიშვნას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ესპანელები შემდეგი სეზონის ჩემპიონთა ლიგაში მოხვდებიან.

 

სევილიას ცუდი სეზონი გამოუვიდა. გუნდი ევროასპარეზსაც დაემშვიდობა და ლა ლიგაში მეხუთე ადგილს იკავებს. ამას ყველაფერს დაკავებული თანამდებობიდან პაბლო მაჩინის დათხოვნა მოჰყვა, რომლის მოვალეობებსაც დროებით ხოაკინ კაპაროსი ასრულებს.

 

ბლანმა პარი სენ-ჟერმენი სამ წელიწადში სამჯერ აჩემპიონა, 2-ჯერ ქვეყნის თასი, 4-ჯერ ლიგის თასი, 5-ჯერ კი სუპერთასი მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა ლიგა 1 ბორდოსთან ერთადაც მოიგო.