კაცი რეპიდან

რას მღერის ალაბა?

 

ბაიერნის მარცხენა მცველი, ავსტრიელი დავიდ ალაბა, ერთობ მუსიკალური ოჯახიდან ყოფილა. თვითონ მიუნხენში სათავისოდ სტუდია ჰქონია მოწყობილი. გიტარაზე და ფორტეპიანოზე უკრავს.

დაც მუსიკოსი ჰყოლია. მამა კი გასული საუკუნის 90-იანი წლების რეპერი ყოფილა და ჯგუფში „ორი ერთში“ (Two in One) მღეროდა, თუმცა თავისი ფეხბურთელი შვილის მუსიკა არ მოსწონს.

 

 

„ცხადია, ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა, თუმცა ისეთი მუსიკალური ოჯახიდან ვარ, რომ არ მიყვარდეს შეუძლებელია, - უთხრა 26 წლის ალაბამ ბაიერნის პრესსამსახურს, - როცა შინ მიდიხარ და ხედავ - მამა მუსიკას წერს, და მუსიკას წერს, დედაც ძალიან მუსიკალური გვყავს, შენც ამ სამყაროში იძირები.“

მას რამდენიმე საკუთარი სიმღერაც ჩაუწერია. თუმცა, გამომზეურებას არ აპირებს. „მუსიკა ყოველთვის იყო განტვირთვის საშუალება. ჩემს დას ძალიან მოსწონს ჩემი ნამუშევრები, მაგრამ მამა კრიტიკულია და მეუბნება ფეხბურთის თამაში უკეთ გამოგდისო.“

ალაბას საყვარელი მუსიკოსი ცნობილი რეპერი დრეიკია, რომლის კონცერტსაც თანაგუნდელ ჟერომ ბოატენგთან ერთად დაესწრო.

 

შარშან ალაბამ დასთან, მეი როუზთან ერთად, დუეტი ჩაწერა და სოციალურ ქსელში განათავსა, სადაც 4,5 მილიონი გამომწერი ჰყავს.

„დიდი მუსიკოსი არ ვარ. ხმაც არ მივარგა მაინცდამაინც, მაგრამ ცოტა სტუდიური ჯადოქრობა და რაღაც გამოდის, - სიცილით ჰყვება ავსტრიელი, - ალბომის გამოცემას არ ვაპირებ. უბრალოდ, მუსიკას ჩემთვის, ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის ვქმნი,“ - აგრძელებს ალაბა.

მისი მუსიკის ერთ-ერთი მოყვარული, თანაგუნდელი ფრანკ რიბერი ყოფილა. მათი ინტერესები ამ სფეროში გადაიკვეთა.

„ფრანკი ძირითადად ფრანგულ ჰიპ ჰოპს უსმენს, მაგრამ ჩემი სიმღერებიც მოსწონს“ -  ამბობს ალაბა.