ახალი რონალდუ?

ბენფიკას ვუნდერკინდი გამადიდებელი ლუპის ქვეშ მოექცა

აი, ისიც. მესამე გატანილი გოლის შემდეგ ცრემლებს ვერ იკავებს. ეს შეიძლება ბავშვური ტირილიც იყოს, მაგრამ ისიც ხომ ნათელია, როდესაც 19 წლის ხარ, რთულია მოზღვავებულ ემოციას გასაქანი არ მისცე. ამისგან თავის შეკავება  ხშირად გამოცდილ და უამრავ საფეხბურთო ჯახში გამობრძმედილ მოთამაშეებსაც არ გამოსდით. მათაც უტირიათ.

 

19 წლის ჟოაო ფელიშზე მოგახსენებთ, უნიჭიერეს ახალგაზრდა პორტუგალიელ ფეხბურთელზე, რომელიც ამჟამად ბენფიკას ღირსებას იცავს, თუმცა ვეჭვობთ იქ დიდხანს დატოვონ. ეს გარდაუვალი ამბავია. საფეხბურთო სკაუტები მას აუცილებლად დასტაცებენ ხელს. მასზე დიდი ტაციოაბა გაჩაღდება. უფრო მეტიც - მისი ფასი უკვე 120 მილიონ ევროს უტოლდება. მიმდინარე სეზონში კი 36 მატჩში 15 გოლი მოუგროვდა.

 

 

 

ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ბენფიკამ აინტრახტს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. ჰოდა, ადგა ეს ყველასგან მოწონებული ჟოაო ფელიში და გერმანულ გუნდს სულ თავბედი აწყევლინა. მან აიტრახტს 53 წუთში 3 გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, რითიც  გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე ევროპა ლიგაზე ჰეთთრიქი შეუსრულებია. ფელიში 19 წლის და 152 დღის გახლავთ.

 

შესაძლოა ჯერ ფელიშის შესახებ ბევრი არაფერი გვსმენია, მაგრამ ევროპულმა გრანდებმა მასზე უკვე ყველაფერი იციან. ფელიში გამადიდებელი ლუპის ქვეშ არის.

 

 

 

ფელიშის ბენფიკაში გაბრწყინება ალბათ კიდევ ერთ პორტუგალიურ გუნდს - პორტუს გულზე ხვდება. საქმე იმაშია, რომ მაშინ ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მყოფი ჟოაო პორტუს აკადემიაში 6 წლის მანძილზე ირიცხებოდა, თუმცა წასვლა მოუხდა, რადგან საკმარის სათამაშო დროს არ აძლევდნენ. „მინდა ხის ჯოხი ავიღო და გავწკეპლო ის ადამიანი, რომელსაც თავში აზრად მოუვიდა მისი აკადემიიდან გაშვება“ - ამბობს პორტუს ყოფილი კაპიტანი როდოლფო რეიში. პორტუს ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი კი ყველაფერს ფულს აბრალებს. „ბენფიკამ მას უბრალოდ გაცილებით მეტი თანხა შესთავაზა“.

 

ბენფიკაში  ჟოაო ფელიშის სჯეროდათ. ის 16 წლის ასაკში მეორე გუნდში გადაიყვანეს და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც პორტუგალიის მეორე დივიზიონში გოლი გაუტანია. მიმდინარე სეზონში კი უკვე მთავარ გუნდში დააწინაურეს და ახლა მას მთელი საფეხბურთო ევროპა იცნობს.

 

ჟოაო ფელიშს ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია. ის ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მარტის მატჩებზე პორტუგალიის ნაკრებში გამოძახებული იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა.

 

 

 

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ბენფიკა მას 120 მილიონ ევროდ აფასებს. უფრო იაფად  არ შეელევიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟოაოთი  ორივე მანჩესტერული გრანდი, ლივერპული, არსენალი, ბაიერნი, ბარსელონა და რეალი არიან დაინტერესებულნი. პოპულარულ გამოცემა Marca-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ პრემიერლიგაზე მეტად ესპანეთის ჩემპიონატი იზიდავს.

 

ამბობენ, ყველაზე ახლოს პორტუგალიელი ვუნდერკინდის გადაბირებასთან იუვენტუსი არისო. იმასაც წერენ, ტურინული გუნდის ხელმძღვანელობა ტრანსფერის გასაჩარხად ფეხბურთელის აგენტს და ბენფიკას პრეზიდენტსაც შეხვდაო.

 

ამას წინათ, ლისაბონურ დერბის კრიშტიანუ რონალდუ დაესწრო, რომელშიც ჟოაომ გოლთან ერთად პენალტიც მოინადავლა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. სხვათა შორის, ბენფიკას 19 წლის ვარსკვლავმა Marca-სთან ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ბავშვობაში მისი კუმირი რონალდუ არ ყოფილა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.