ვაისი: საქართველოს ნაკრებში ფინანსური მოტივაცია არ მაქვს

რომელი სამხრეთ ამერიკული გუნდი ჩამოვა თბილისში?

ვლადიმირ ვაისი საქართველოში იმყოფება და ეროვნული ლიგის მატჩებს ესწრება. ეროვნული ნაკრების სლოვაკმა დამრიგებელმა,  ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და  ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა  სასტუმრო „რუმსში“  პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც შვეიცარია-ირლანდიასთან განვლილ მატჩებზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრეს.

ვლადიმირ ვაისი:

 

„ნაკრებში კონტრაქტის გახანგრძლივებას ერთა ლიგაზე არსებული გამოწვევის გამო დავთანხმდი. ფინანსური მოტივაცია არ მქონია, რადგან როგორც ვიცი წინამორბედებზე გაცილებით ნაკლები ანაზღაურება მაქვს.

 

მე არასდროს მითქვამს, რომ ნაკრების ფეხბურთელები სათამაშო დონეს ვერ აკმაყოფილებენ და სუსტები არიან. შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ უბრალოდ ხაზი იმ გარემოებას გავუსვი, რომ ჩვენი ფეხბურთელების დიდ ნაწილს ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდათ და სათანადო ფორმაში არ იმყოფებოდნენ.

 

 

 

ახლახანს მოსკოვში  ხვიჩა კვარაცხელიას და საბა კვირკველიას თამაშს დავაკვირდი. კვირკველია სტაბილურია და რაც შეეხება შვეიცარიასთან მის ძირითადში არყოფნას, გადაწყვეტილებას ყოველთვის  მწვრთნელი იღებს. ამ თემაზე დამატებით კომენტარს აღარ გავაკეთებ.

 

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის ჯერ 18 წლის არის და ასაკის გათვალისწინებით საკმაოდ მშვენივრად გამოიყურება. კარგია, რომ მას იური სიომინი ენდობა და თუ პროგრესი გააგრძელა ნაკრებში აუცილებლად მოხვდება.

 

გიორგი არაბიძეს შანსი მივეცით, ახლა კი ახალგაზრდულ გუნდშია. ის ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა გუნდში მეტი სათამაშო დრო სჭირდება. არ მეგულება მწვრთნელი, რომელიც კარგ ფორმაში მყოფ ფეხბურთელს ნაკრებში არ გამოიძახებს.

 

ამჟამად, საქართველოში ჩემი ყოფნის მიზანი ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებზე დაკვირვებაა. მომწონს აკაკი შულაია, რომელიც სისწრაფით გამოირჩევა. მინდა ხასგასმით ავღნიშნო, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან ნაკრების კარი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ღიაა“.

 

ალექსანდრე იაშვილი:

 

„ვერ დავეთანხმები მოსაზრებას რომ ვაისი ეროვნული ლიგის მატჩებს არ ესწრება. ის საქართველოში ხშირად ჩამოდის და ფეხბურთელებსაც აკვირდება. თუ გადაწყვეტს, რომ ნაკრებში რომელიმე მოთამაშის მიწვევა ღირს ამას აუცილებლად გააკეთებს.

 

არ მესმის თემურ ქეცბაიას ნაკრებს ახლანდელს რატომ ადარებთ. ქეცბაიას ფეხბურთელებთან არაჯანსაღი ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო ვაისს ყველასთან კარგი დამოკიდებულება აქვს. ცუდი არ იქნება თუ ორი წაგებული მატჩის გამო დიდ აჟიოტაჟს არ შევქმნით.

 

 

 

ვაისმა სწორად განმარტა კვირკველიასთან დაკავშირებული მდგომარეობა. არსებობს საკითხები, რომელიც გასახდელში რჩება და სააშკარაოზე არ გამოდის. რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, მას ვენდობით და ვიცით, რომ  ტრავმამ არ მისცა საშუალება ირლანდიასთან ეთამაშა.

 

დღეს გიორგი ჩაკვეტაძეს ვესაუბრე და მითხრა რომ მუხლი აღარ აწუხებს. იმედია ის მალე დაგვიბრუნდება“.

 

ვლადიმირ ვაისი:

 

შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ ანანიძის კლუბში გაშვება ჩემი გადაწყვეტილება იყო. გამოჩნდა, რომ ის 100% მზად არ იყო. თქვენი, ჟურნალისტების საქმე ჯანსაღი კრიტიკაა და ჩვენ მას მივიღებთ.

 

ფეხბურთის ფედერაციამ და სამწვრთნელო შტაბმა ერთობლივად ვიმუშავეთ და ხალხს ევრო 2020-ზე მოხვედრის იმედები ჩავუსახეთ. მე თავს ქართველად ვგრძნობ, რადგან ნაკრების მწვრთნელი და ამ იმედის ნაწილი ვარ.

 

 

 

ლევან კობიაშვილი:

 

ჯერ გადაჭრით ვერ ვიტყვით, მაგრამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ალბათ სექტემბერში თბილისში ჩილეს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ვითამაშებთ.

 

 

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.