ძველი გოლი

ზიხარ და რაღაცას ელოდები.  რაღაც იმნაირი იქნებაო. სადა, ვინ ოხერი. ის ლი შარპის გოლი კი მართლა მაგარი იყო

არ ვიცი, რამდენ ადამიანს  გაახსენდებოდა ამას წინათ ლი შარპის ქუსლი და გოლი ბარსელონას კარში.  ის ძველი,  ჯგუფური   შეჯახება ჩემპიონთა ლიგაში 2-2 დასრულდა, საპასუხო თამაში კი  მანჩესტერმა გამანადგურებლად წააგო. ისეთი კარგი მაიკები ეცვათ, შავ-შავები და მაინც ასე,  0-4 წააგეს გასვლაზე რომარიოებთან და სტოიჩკოვებთან.  მერე იყო ორი ლეგენდარული 3-3, ერთ-ერთი საუკეთესო რამ მსოფლიო საკლუბო ფეხბურთში. მანამდე იუნაიტედს თასების თასის ფინალი აქვს მოგებული კრუიფის ბარსელონასთვის და კიდევ მანამდე ამავე თასიდან ჰყავს გაგდებული.

 

 

 

ახალი დროის  მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემპიონთა თასის ორი ფინალი წააგო ბარსელონასთან. იმათგან პირველი, დიდები და პატარები იყო, მეორე, თითქმის დიდები და პატარები. ის თამაშები კარგად მახსოვს, ერთ-ერთზე დასწრება მომიხდა და  ყველაფერი ცხადად ჩანდა და საერთოდ, ბარსელონას  ყურება,  თუ სიამოვნების საკითხს გულისხმობდა კაცი იმ დროში, პატარა გუნდთან ჯობდა.  თორემ იმ პირველ ფინალზე, გიგზმა თქვა,  რა უნდა გვეთამაშა,  ვუყურებდითო. მეორეში ,  რუნიმ კი გაიტანა მთლად უემბლიზე, მაგრამ ეგ იყო და ეგ. მესის გენია, როგორც იტყვიან. თუმცა, ამ ფინალებამდე სწორედ პირველის წინა წელიწადს იუნაიტედმა ნახევარფინალიდან გამოაგდო ბარსელონა. სქოულზმა ერთი გადასარევი სთხლიშა და ორი თამაშის ჯამში ეგ  ეყო. უცნაურობა ის იყო, რომ მომდევნო სეზონების დიდები და პატარები იქ  საერთოდ არ იგრძნობოდა.

 

 

 

იმ დროებიდან კი გავიდა ათი წელიწადი.

 

მესის გენია ამ ათი წლის თავზე ისევ აქაა. საკუთრივ თამაში კი ისეთი არ  გამოვიდა, 90-იან წლებში რომ იყო ხოლმე, უფრო ისეთი, ორ ფინალში რომ მოიგო ბარსელონამ. ოღონდაც იმ კლასის მაინც, არა.

 

 მანჩესტერი ის გუნდი არაა, ბარსელონა წამოაქციოს. აგერ ოლდ ტრეფორდზე ვერ მოახერხა რომ არ წაეგო, მაგრამ როგორც ფანებს სჩვევიათ,  ისე უნდა ვთქვათ, მანიუმ  პესეჟესთანაც ასე წააგო და მერე გასვლაზე კი მოახდინა ამბავი, რითაც, ყველასთვის მოულოდნელად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ამოჰყო თავიო.

 

 

 

 რა თქმა უნდა,  ეს ზედაპირული ნათქვამია და იუნაიტედიც ნელ-ნელა გაეჩვია წაგებებს უკვე  დანიშნული მენეჯერის სოლსკიაერის ხელში და ისედაც, ის არაა მთავარი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში. მეორე მთავარი გუნდიც არაა და არც მესამე.

 

საპასუხო მატჩების წინ ცხადია, რომ ერთი ნამდვილად და მოსალოდნელად კი ორი ინგლისური კლუბი მეოთხედფინალში გავა. ძნელი საფიქრალია, რომ იმ ერთ ნაღდს და მეორე სავარაუდოს მესამე იუნაიტედი დაემატოს. ეგ ამბავი დაკეტილია, თუმცა,  ბურთი კი მრგვალია. რა თქმა უნდა, ეს ზერელე ლაპარაკია. მთავარი ამ ამბავში ისაა, რომ ამ თამაშებს უყურებ და ამავე გუნდების ძველ, დიდ თამაშებს იხსენებ. 

 

 

 ზიხარ და რაღაცას ელოდები.  რაღაც იმნაირი იქნებაო. სადა, ვინ ოხერი.

ის ლი შარპის გოლი კი მართლა მაგარი იყო:

 

 

 

თუმცა, მანჩესტერ-ბარსელონას თამაშებში იმდენი კარგი გოლი გასულა, რომ ესეც ისე გამოჩნდება. ჰო, რა, „იგროკია“ და გაიტანაო. აბა, ამას წინანდელი  იყო გოლი?