რეკორდი, რეკორდზე - ევროპა ქართულად დაიხურა

დღესასწაული შედგა 

ბათუმი 2019 ქართველი ძალოსნების სრული ტრიუმფით დასრულდა. ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ და ირაკლი თურმანიძემ ყველა ცდა გამოიყენეს და გულშემატკივარიც აღტაცებაში მოიყვანეს. უფრო სწორად - საჩხერელ გოლიათს მესამე ცდა არც ატაცში და არც აკვრაში არ დასჭირვებია. მან, ვადამდე გაინაღდა ჩემპიონობაც და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

 

დაამყარაო რომ ვამბობთ, განა სხვის მიერ აწეული წონა მოხსნა? არამედ თავისივეს ტურნირიდან-ტურნირამდე აუმჯობესებს. ამჯერადაც ტალახაძემ 260 კილოგრამი აკრა. ეს ნამდვილი სასწაული იყო. ძალოსნობაში მისი მჯობნი დიდი ხანია არ არის და ალბათ კიდევ არ გამოჩნდება.

 

 

მოკლედ, ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია. ორჭიდის ჯამში აწეული 478 კილოგრამი კი გვეეჭვება წლების მანძილზე ვინმემ გააუმჯობესოს თუ თავად ქართველი გოლიათი არ მოისურვებს.

 

რაც შეეხება ნაკრების კაპიტანს, ირაკლი თურმანიძეს, მანაც შესანიშნავად იასპარეზა.  34 წლის ვეტერანმა ძალოსანმა აკვრაში 241 კილოგრამი დაიმორჩილა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.