მარტონთან მარტინი დასალევია

ბასილაშვილი გრუნტის სეზონს იწყებს

ჩოგბურთში გრუნტის სეზონი მონტე-კარლოს მასტერსით იხსნება, რომელიც ყველაზე მეტჯერ რა გასაკვირია, რომ რაფაელ ნადალს აქვს მოგებული. ესპანელი ჩოგბურთელი მონტე-კარლოში, რომლის საპრიზო ფონდიც 5 მილიონ 585 ათასი დოლარია  ამჯერადაც ითამაშებს და ტიტულის შენარჩუნებასაც უსათუოდ შეეცდება, მაგრამ ჩვენ ნიკოლოზ ბასილაშვილზე ვთქვათ.

 

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირს მარტონ ფუქსოვიჩთან ჯახით იწყებს, რომელიც ჩვენებურისთვის ნამდვილად უხერხული მეტოქეა. უნგრელი მეჩოგნე რეიტინგის 37-ე ნომერია და ყველასათვის ანგარიშგასაწევ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ბასილაშვილს, ის მსოფლიოს მე-17 ჩოგანია.

 

ურთიერთშეხვედრებშიც ფუქსოვიჩის უპირატესობა აშკარაა. უნგრელი ქართველს 3:1 ამარცხებს. ის ერთადერთი გამარჯვება ბასილაშვილმა 2015 წელს უიმბლდონზე მოიპოვა. ბოლოს ფუქსოვიჩი და ბასილაშვილი ერთმანეთს წლეულს როტერდამის ტურნირზე შეხვდნენ, სადაც უნგრელმა იმარჯვა.

 

ბასილაშვილის და ფუქსოვიჩის დაპირისპირება 15 აპრილს დღის 1 საათზეა ჩანიშნული, თუმცა მატჩის დაწყების დრო შესაძლოა შეიცვალოს.