კირა, ჩამოდი ჩემთან ...

რატომ არ პასუხობენ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის ზარებს ფეხბურთელები?

ასე ხდება ხოლმე, ორიოდ თვის წინათ, დავიდ ნერესის შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცოდა აიაქსის ქომაგების გარდა. ახლა კი ის გმირია და ბობოლა კლუბებიც რიგში ჩადგნენ მის გადასაბირებლად. ლივერპულს, პარი სენ-ჟერმენს და დორტმუნდის ბორუსიას უკვე სურთ 22 წლის ბრაზილიელის საკუთარ რიგებში ხილვა.

 

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში რეალთან გატანილი გოლი და მიშა მესხის ფინტი, რომლითაც ბრაზილიელმა ოპონენტი კარვახალი გააბითურა, უკვე კლასიკის ნაწილი გახდა. იუვენტუსთან პირველ მეოთხედფინალში შესრულებული სასწაული კი მართლაც იშვიათი ტექნიკის დემონსტრირება იყო.

 

 

 

ვინ არის ნერესი? ის სან პაულუს აკადემიის აღზრდილია, სადაც 10 წლისა მიიყვანეს და 19 წლისა მწვრთნელმა რიკარდო გომეშმა მთავარ გუნდში დააწინაურა. თუმცა იქ მხოლოდ 11 მატჩის გამართვა და სამი გოლის გატანა მოასწრო. აიაქსის სკაუტებმა ის მალევე შეამჩნიეს, სან პაულუს დაახლოებით 13 მილიონი გირვანქა გადაუხადეს და ევროპაში წაიყვანეს. ის სანპაულოელების დენილსონისა და ლუკას მოურას კვალს გაჰყვა. რომლებიც თავის დროზე ბეტისში და პსჟ-ში გადავიდნენ.

 

ნერესმა რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა აიაქსის ახალგაზრდულ გუნდში და 2017 წლის თებერვალში ჰერაკლესის წინააღმდეგ პირველად გამოჩნდა მთავარ გუნდში. 2017-18 წლების სეზონში მან 15 ბურთი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემით გამოირჩა. გარემარბისთვის ეს შესანიშნავი შედეგია. თავიდან ის მარჯვენა ფრთაზე ირჯებოდა, შემდეგ მარცხნივ გადაიყვანეს, თუმცა, ჩანს, ის უნივერსალია, რადგან ხანდახან გამთამაშებლადაც, ანუ ფლეიმეიკერადაც  თამაშობს ხოლმე.

 

 

 

დახვეწილი ტექნიკა, ზუსტი, ძლიერი დარტყმები და გუნდურობა (გავიხსენოთ 14 საგოლე პასი), მას ერთობ სასურველს ხდის ბობოლებისთვის.

 

საერთოდ ამ ფორმაციის აიაქსი შესანიშნავ გუნდად ჩამოყალიბდა და საწყენია, რომ მომავალ სეზონში ლამის ნაწილ-ნაწილ გაიყიდება. მაგრამ ეს ბიზნესია და ამსტერდამულ კლუბში ასეთი რამ პირველად არ ხდება. მაგალითად, უკვე გადაწყვეტილია, რომ 21 წლის ფრენკი დე იონგი ზაფხულიდან ბარსელონას მაისურას მოირგებს, ევროპულ გრანდში გადადის 19 წლის მატიის დე ლიგტიც. ცხადია, ნერესსაც არავინ დატოვებს ამსტერდამში.

 

 

 

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას. ბოლო დრომდე ის ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდა, რომელსაც წარმატებისთვის არ მიუღწევია. ახლახანს კი ძალიან უცნაური და იშვიათი ამბავი მოხდა: გასულ თვეში, პანამასთან და ჩეხეთთან ამხანაგური მატჩების წინ, რეალის ამომავალი ვარსკვლავი ვინისიუსი დაშავდა, სელესაოს მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ნერესის გამოძახება გადაწყვიტა, დაურეკა და... ნერესმა არ უპასუხა.

 

“უცხო ნომრებს არ ვპასუხობ. რა ვიცოდი თუ ნაკრების მწვრთნელი რეკავდა. მერე, როცა გავიგე, გადავურეკე. არ მგონია ნაწყენი დარჩენილიყო  ჩემზე. კოპა ამერიკაზე თამაშიც ძალიან მინდა (კოპა ამერიკა ამ ზაფხულს ბრაზილიაში გაიმართება)“ - უთხრა ნერესმა ჰოლანდიურ  De Telegraaf-ს.

 

 

 

ეტყობა ტიტე არ გაბრაზებულა, რადგან თებერვალში მისი სანაკრებო დებიუტი მაინც შედგა. პრაღაში, ჩეხების წინააღმდეგ, ნერესი მინდორზე 63-ე წუთზე გამოჩნდა ევერტონელი რიშარლისონის ნაცვლად.

 

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ის გერმანელ მოდელთან, კირა ვინონასთან მეგობრობს, რომელიც კომპიუტერით გაუცნია და პირდაპირ მიუწერია ინსტაგრამში: “მე დავიდ ნერესი ვარ, ჩამოდი ჩემთან.“

 

 

 

გოგონაც ჩასულა და დაიწო...

 

დანარჩენს ფოტოებზეც ნახავთ...