ბასილაშვილი ვეღარ გვახარებს

ქართველი ჩოგბურთელი წაგებებს დაეჩვია

 ნიკოლოზ ბასილაშვილმა გრუნტის სეზონი უღიმღამოდ დაიწყო და საერთოდაც, ბოლო პერიოდში ის წაგებებს დაეჩვია. კორტს ყოველთვის მოგებული ვერ დატოვებ, მაგრამ ფაქტია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს უდავოდ საუკეთესო მეჩოგნე მაინცდამაინც სახარბიელო ფორმაში ვერ იმყოფება.

 

მონტე-კარლოს მასტერსი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის სტარტზევე დასრულდა. ჩვენებური მარტონ ფუჩოვიჩს ვერ გაუმკლავდა, რომელიც მისთვის აშკარად უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. ურთიერთშეხვედრებში ბასილაშვილი 1:4 მარცხდება. სამწუხაროდ, ქართველმა ჩოგბურთელმა უნგრელს წლეულს, თებერვალში როტერდამის ტურნირზე განცდილი მარცხისთვის რევანში ვერ აუღო.

 

პირველი სეტი ფუჩოვიჩმა 7:5 მოიგო, მეორეში ბასილაშვილმა დამაჯერებლად 6:3 იმარჯვა, მესამე პარტია კი ნიკასთვის კატასტროფული გამოდგა. ასეთი სუსტი თამაში  და აუარებელი შეცდომები ბასილაშვილს ნამდვილად არ ეპატიებოდა და არც ფუჩოვიჩმა აპატია. უნგრელმა 6:1 მოიგო და მომდევნო წრეშიც დამსახურებულად გავიდა.

 

ბასილაშვილი კი თავს იმით თუ ინუგეშებს, რომ მას მონტე-კარლოში ქულები დასაცავი არ ჰქონდა და შესაბამისად რეიტინგშიც დიდად დაქვეითება არ ემუქრება.