დუშან ტადიჩი - აიაქსის წარმატების გასაღები

სერბი ფეხბურთელის სტატისტიკა - რამდენად მნიშვნელოვანია მისი წვლილი გუნდის წარმატებულ გამოსვლაში

დუშან ტადიჩი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. საუთჰემპტონიდან აიაქსში გადასვლის შემდეგ, სერბი თავდამსხმელი ამსტერდამული კლუბის ლიდერად ჩამოყალიბდა.

 

გამორჩეულია თავად აიაქსის სეზონიც. დედაქალაქური კლუბი ერედივიზიონს ლიდერობს და ბოლო 5 წელიწადში ჩემპიონატის მოგების საუკეთესო შანსი აქვს. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ჰოლანდიის თასის ფინალშიც გავიდა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც იმყოფება. აპრილის ბოლოა და გუნდს ტრიპლეტის მოგების შანსი ისევ აქვს, ამ ყველაფერში კი ტადიჩის როლი უმნიშვნელოვანესია.  

 

სერბეთის ნაკრების ლიდერი ჰოლანდიურ გრანდს შარშან ზაფხულში 11.4 მილიონ ევროდ შეურთდა. მას მერე, ტადიჩმა აიაქსისთვის 48 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, დუშანმა 19 საგოლე პასიც გააკეთა.

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან რეალის გაგდებაში მთავარი როლი სწორედ ვოივოდინას აღზრდილმა ფეხბურთელმა ითამაშა. პირველ ტაიმში სერბმა ორი საგოლე პასიც აქტივში ჩაიწერა, ხოლო მეორე ნახევარში ულამაზესი გოლიც შექმნა.

 

მატჩის შემდეგ, ტადიჩმა ფრანგული გამოცემის L’Equipe-ს უმაღლესი შეფასება - 10 დაიმსახურა. ასეთი აღიარება ისტორიაში მხოლოდ 9 ფეხბურთელს ჰქონია, უშუალოდ აიაქსიდან ტადიჩი 1977 წლის შემდეგ პირველი იყო.

 

 

როცა ტადიჩი ჩვენს გუნდში მოვიდა, ყველანი აღფრთოვანებული ვიყავით. ის უმაღლესი დონის პროფესიონალია.

 

როგორც მოედანზე, ისე გასახდელში ტადიჩი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სამაგალითო ფიგურაა. ჩვენ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი და ტალანტი გვყავს. ისინი მალე ევროპის წამყვან კლუბებში ითამაშებენ. აიაქსთან ერთად ტიტულების მოსაგებად, მათ ტადიჩის დონის ფეხბურთელები სჭირდებათ.

 

დუშანს უმაღლესი ხარისხის ინდივიდუალური მონაცემები აქვს. მან ყოველთვის კარგად იცის იდეალური პოზიციის შერჩევა. შეუძლია გადამწყვეტი პასის გაკეთება და სწორი ფეხბურთის უმაღლეს დონეზე თამაში. მას ფენომენალური დარტყმა აქვს“.-თქვა აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა.

 

ერედივიზიონში, აიაქსმა 30 მატჩში 106 გოლი გაიტანა, რაც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და გასაოცარი შედეგია, რაშიც ტადიჩის წვლილი უდიდესია. სერბმა ჰოლანდიის ჩემპიონატში 22 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი დააგროვა. ტადიჩმა თავისი სიტყვა ბოლო ტურშიც თქვა, როცა ექსელსიორთან - 6:2 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა. 

 

 

ჩემპიონთა ლიგაში ტადიჩმა საკვალიფიკაციო და ფინალური ეტაპების ჯამში, 9 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირია. ფეხბურთელს თავისი შედეგის გაუმჯობესება იუვენტუსთან შეუძლია - მეოთხედფინალის პირველი მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი ტურინში 16 აპრილს, შედგება.