ჰილბორო, 96 სანთელი, გაჩერებული მატარებლები...

არ იყიდოთ „სანი“ - უკვე 30  წელია ამ პრინციპით ცხოვრობს მთელი მერსისაიდი

30 წლის წინ, 15 აპრილს, 96 ადამიანი ქალაქ შეფილდიდან უკან ლივერპულში ვეღარ დაბრუნდა. ისინი საყვარელი გუნდის საქომაგოდ გაეშურნენ და ენითაუწერელი ტრაგედიის მსხვერპლნი გახდნენ. 

 

1989 წლის 15 აპრილი ბრიტანული და საერთოდ ფეხბურთის ისტორიაში უმძიმეს დღედ გადაიქცა. ინგლისის თასის ნახევარფინალში ლივერპული ნოტინგემ ფორესტს ხვდებოდა. შეფილდში ლივერპულიდან 25 ათასი ფანი ჩავიდა და „ჰილბოროს“ სტადიონს მიაწყდა, თუმცა ტრიბუნებზე მათთვის 14 ათასზე ოდნავ მეტი ადგილი იყო გამოყოფილი. 

 

 

ლივერპულიდან დაძრულ ქომაგებს გზად გაუთვალისწინებელი დაბრკოლება შეექმნათ. გზატკეცილზე შესაკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, რამაც ხალხი შეაფერხა. ყველაფერს ისიც დაერთო, რომ მატჩი დათქმულ დროზე 10 წუთით ადრე დაიწყო. დაგვიანებული ფანები სტადიონს მიაწყდნენ და სწრაფად შესვლას ლამობდნენ. ლივერპულის ქომაგებისთვის გამოყოფილი ტრიბუნა, რომელსაც „ლიფინგ ლეინი“ ერქვა გადაივსო, ხოლო გულშემატკივართა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობდა. წინა რიგებში მჯდომი ადამიანები ინერციით ხულიგნების დამცავი ჯებირისკენ წავიდნენ, მათ უკნიდან ხალხის მასა აწვებოდა, რასაც წარმოუდგენელი ჭყლეტვა მოჰყვა. წესით ჯებირთან პოლიცია და სტიუარდები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებსაც ექსტრემალურ სიტუაციაში ხალხი სხვა ტრიბუნებზე გადაენაწილებინათ, მაგრამ იქ არავინ აღმოჩნდა.

 

 

შედეგად უშუალოდ სტადიონზე დაიღუპა 82, ხოლო 14 ადამიანი მოგვიანებით საავადმყოფოში. აღნიშნული მატჩის კომენტატორი, BBC-ის ჟურნალისტი პიტერ ჯონსი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. დღემდე თვლიან, რომ მან ვერ გაუძლო იმ საშინელებას, რაც საკუთარი თვალით „ჰილბოროზე“ ნახა.

 

 

დაღუპულთა შორის იყო 10 წლის ჯონ პოლსი, ყველაზე ახალგაზრდა გულშემატკივარი, რომელიც შეფილდიდან ვეღარ დაბრუნდა. ის სტივენ ჯერარდის ბიძაშვილი გახლდათ და ტრაგედიიდან 4 დღის შემდეგ საავადმყოფოში დალია სული.

 

,,ყოველთვის, როცა ენფილდს ვუახლოვდები, ნაბიჯს ვანელებ და შენკლის ჭიშკართან ვჩერდები. ჩემი მზერა ჰილსბოროს მემორიალზე ჩერდება. ვხედავ ყველაფერს, რაც მის ირგვლივ არის დატოვებული, რაც იმ 96 ადამიანის ხსოვნას ეძღვნება, რომლებიც 1989 წელს სათასო ნახევარფინალიდან შინ ვეღარ დაბრუნდნენ. ვხედავ შარფებს, ფანების მიერ დაღუპულთა საპატივცემულოდ მიკრულს გისოსებზე, რომელთაც მეზობლობას თვალზე ცრემლშეუმშრალი მგლოვიარე ოჯახების მიტანილი გვირგვინები უწევს. ვხედავ მარადიულ ცეცხლს, რომელიც არასდროს ჩაქრება, რადგან ამცნოს მსოფლიოს, რომ ის 96 დაღუპული ყოველთვის ჩვენს მახსოვრობაში იქნება.


 

ნელი სვლით ვუახლოვდები მემორიალს და თვალის ერთი გადავლებით ჩავიკითხავ გვარებს, რომლებიც ლეპინგზ ლაინის ტრიბუნის ქვეშ დაეცნენ და ვეღარასდროს ადგებიან. ერთი გვარი იპყრობს ჩემს მზერას. ჯონ-პოლ გილჰული - 10 წლის ბავშვი, ყველაზე პატარა მათ შორის ვინც შეფილდიდან ვერ დაბრუნდა. გულშემატკივარი, რომელიც საყვარელი გუნდის ქომაგობას შეეწირა. ბიჭუნა, რომლის სიცოცხლეც ადრეულ ასაკში შეწყდა. მე ვიცნობდი ჯონ-პოლს. ის ჩემი ბიძაშვილი იყო. ზურგზე ცივი ოფლი მასხამს. არასდროს მავიწყდება პირჯვრის გადაწერა და გზას ვაგრძელებ..." - წერს სტივენ ჯერარდი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში.

 

 

„არ იყიდოთ სანი“ - უკვე 30  წელია ამ პრინციპით ცხოვრობს მთელი მერსისაიდი. პოპულარულმა ბრიტანულმა ტაბლოიდმა, 1989 წლის 16 აპრილს, სამყაროს ამცნო, რომ ლივერპულის ფანებმა გარდაცვლილები გაძარცვეს, ხოლო პოლიციელებს თავზე დააშარდეს. მაშინ, „სანს“ ამ ცილისწამებისა და უხამსობისთვის ბოდიში არ მოუხდია და ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედიის შეურაცხყოფის გამო პასუხი არავის მოსთხოვეს.

 

დიდი ხნის განმავლობაში ოფიციალურად მიიჩნეოდა, რომ მომხდარი  ლივერპულის გულშემატკივრების ბრალი იყო, თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ პოლიციისა და თამაშის ორგანიზატორების მხრიდან დარღვევებს ჰქონდა ადგილი. 2016 წელს, 9 ნაფიცი მსაჯულიდან 7-მა ეს ვერდიქტი გამოიტანა.

 

 

„ჰილბოროს“ ტრაგედიის შემდეგ, ინგლისის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა სტადიონზე ფეხზე დასადგომი ადგილები გააუქმა.

 

 

15:06 საათი - დრო, როდესაც 30 წლის წინ  „ჰილბოროზე“ მატჩი შეწყდა. 2019 წლის 15 აპრილს, ლივერპულის მეტროში ზუსტად ამ დროს მატარებლებმა მოძრაობა შეწყვიტეს და ქალაქი წუთიერმა დუმილმა მოიცვა.

 

ლივერპული არ ივიწყებს „ჰილბოროს“ მსხვერპლს და აგერ უკვე 3 ათეული წელია ამ ტრაგედიით ცხოვრობს.