ჰოლანდიური ზღაპარი გრძელდება

1997 წლის შემდეგ პირველად ...

ჰოლანდიური ზღაპარი გრძელდება. ამსტერდამის აიაქსი მადრიდის რეალის გამოგდებით არ დაკმოყოფილდა და სამეფო გუნდს ტურინის იუვენტუსიც მიაყოლა. ლიგის განმეორებით 1/4 ფინალში ჰოლანდიური გუნდი ბიანკონერის ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ბებერი ქალბატონის უპირატესობით დაიწყო. მეთერთმეტე წუთზე ჰოლანდიელთათვის საქმე გართულდა. დენის მაზრაუიმ ტრავმის გამო მოედანი დატოვა

 

ანგარიში იუვენტუსმა 28-ე წუთზე გახსნა. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ შესანიშნავი თავურით აიღო სტუმართა კარი და 1/4 ფინალებში თავისი 25-ე გოლი გაიტანა.

 

34-ე წუთზე აიაქსმა ანგარიში გაათანაბრა. ზიეჩის დარტყმის შემდეგ, ბურთი ვან დე ბეეკს მიუვიდა, რომელიც ერთი ერთზე აღმოჩნდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა.

 

მეორე ტაიმი აიაქსმა უფრო აქტიურად დაიწყო. ერთ ეპიზოდში იუვენტუსი ვოიცეხ შჩენსიმ გადაარჩინა, ერთხელაც მირალემ პიანიჩმა იხსნა გუნდი აშკარა გოლისგან.

 

67-ე წუთზე გოლი კიდევ ერთ კუთხურს მოჰყვა, ოღონდ უკვე ამჯერად იუვენტუსის კარში. მასპინძელთა კარის ბადე მატიას დე ლიხტმა შეარხია.

 

ამის შემდგომ იუვენტუსმა შტურმის მოწყობაც ვერ შეძლო და ჰოლანდიელები დამსახურებულად გავიდნენ 1/2 ფინალში. სათქმელია, რომ 1997 წლის შემდეგ აიაქსი აღნიშნულ ეტაპზე პირველად მოხვდა. აქვე გეტყვით, რომ ამსტერდამელები სიტისა და ტოტენჰემს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.