ვალვერდე: ბოდიში, მაგრამ...

ბარსელონა ნახევარფინალშია - კატალონიელთა თავკაცი მანჩესტერთან დაპირისპირებას აფასებს

ოლდ ტრაფორდზე გამარჯვების (1:0) შემდეგ, ბარსელონამ მანჩესტერ იუნაიტედს საშინაო კედლებშიც სძლია და 3-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

 

ლეო მესის დუბლითა და ფილიპე კოუტინიოს გოლით მოგებული მატჩის შემდეგ, კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ UEFA-ს პრესსამსახურთან ისაუბრა.

 

„ძალიან მოხარულები ვართ. ნახევარფინალში დიდი ხანია არ ვყოფილვართ, ახლა კი ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ ხუთ ჩაგდებულ წუთში შესაძლოა ტურნირიდან გამოვვარდეთ.

 

პრობლემების თავიდან აცილებაში მესი ყოველთვის გვეხმარებოდა. სხვა გუნდებთან ბოდიში, მაგრამ მესი ჩვენი ფეხბურთელია და ბედნიერებაა. მან დიდებული ფეხბურთი აჩვენა, მისმა გოლებმა თამაშის სცენარი რადიკალურად შეცვალა. 

 

იუვენტუსის გამოვარდნა? იმის გათვალისწინებით, რასაც აიაქსი აკეთებს, არ ვიცი ეს ჩვენთვის კარგია თუ ცუდი“.-თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

 

კატალონიელთა მეტოქე ნახევარფინალში ლივერპული-პორტუს წყვილში გამარჯვებული იქნება. ბლაუგრანა ჩემპიონთა ლიგაში ერთდერთი დაუმარცხებელი გუნდია, ლეო მესი კი ბომბარდირთა დავას 10 გატანილი გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს.