დე ლიხტი დე იონგის გზაზე?

ტალანტებს ჰოლანდიაში არ აჩერებენ

 

ცხადია, ამსტერდამის აიაქსის ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული ასპარეზობა, გუნდის ახალგაზრდა ტალანტების მიმართ ევროპული გრანდების ინტერესს იწვევს.

 

უკვე გადაწყვეტილია, რომ საყრდენი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი მომავალ სეზონს ბარსელონაში დაიწყებს, დიდი ალბათობით ნიკოლა ტალიაფიკო რეალის მარცხენა ფლანგზე მარსელოს ჩაანაცვლებს, ახლა კი ჯერი გუნდის კაპიტან მატიას დე ლიხტზე დადგა.

 

აიაქსისა და ჰოლანდიის ნაკრების ცენტრალური მცველისთვის რამდენიმე ევროპული გრანდი იბრძვის, იუვენტუსთან გატანილი გამარჯვების გოლის შემდეგ კი, 19 წლის ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად ბარსელონა გააქტიურდა. 

 

ევროპულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ აიაქსი დე ლიხტის შესახებ შემოთავაზებას განიხილავს, პირველი კლუბი ბარსელონა იქნება.

 

ამსტერდამელები დე ლიხტს 75 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან, ეს იმდენივეა, რამდენიც კატალონიელებმა დე იონგის სანაცვლოდ გადაიხადეს.

 

მიმდინარე სეზონში, დე ლიხტმა აიაქსის მაისური 48-ჯერ მოირგო, აქტივში კი 5 გოლი და 3 საგოლე პასი ჩაიწერა.