ყოველთვის

ახლა გაყიდიან. უკვე გაყიდულია ზოგიერთი. სამაგიეროდ, ეს უკვე მაგარი იყო

რა მაგარია,  ფეხბურთი რომ  აიხსნის ერთფეროვნების ყველა ბორკილს და თავისუფალი ხდება. აგე, ორი როგორი თამაში გამოვიდა ჩემპიონთა ლიგაში. 

ადრე, როცა ფეხბურთი უფრო ლამაზი იყო, მასში დიდი ადგილი დაუსრულებელ, მოსაწყენ, უაზრო, გულის გამაწვრილებელ მონაკვეთებს ეპყრა. საკვირველია, მაგრამ ასეთი შეხამება იყო. მაგალითად, მრავალთაგან  ერთი ასეთი კომბინაცია არსებობდა, რომელიც საერთოდ ანადგურებდა ყველაფერს: მეკარეს მისთვის თანაგუნდელისგან გაგორებული ბურთის ხელში აღება შეეძლო და ამას ბოლო არ ჰქონდა. გამიგორე-გაგიგორე.  მაშინ  ბალახზე ამდენი კოტრიალი არ იყო. რად უნდოდათ? ტკივილის მოგონება რენტაბელური არ იყო.  გაუგორებდი მეკარეს, ის გამოგიგორებდა. მერე გაუგორებდი, ის ხელში აიღებდა, ვითომ წინ დარტყმა უნდოდა. მერე ისევ ხელით გადმოაგდებდა და ასე. მთავარი იყო, ბურთით ხელში არ დაეწყო აქეთ-იქით ყურება, თორემ ამბავი ატყდებოდა, დრო გაყავთო და მსაჯიც დაიძახებდა, დროზეო. თამაში ისეთი იყო, რომ ფეხი რომც მოეტეხათ, ყვითელსაც კი არ მიიღებდა კაცი. მოკლედ, სხვანაირად იყო. 


 

 

ამას, რასაკვირველია რამდენიმე წესის ცვლილების წყალობით დავაღწიეთ თავი და თანაც, იმანაც მეტად უშველა, რომ მოგებაზე სამი ქულა შემოიღეს. ოდესღაც კიევის დინამოს ქონდა ასეთი ტაქტიკა, „გასვლითი მოდელი“. ანუ სტუმრად, ფრე და შინ მოგებაო. გასვლაზეც კი იგებდა ხოლმე, მაგრამ ლობაანოვსკის და ბაზილევიჩს გამოთვლილი  ჰქონდათ, შინ მოგება და გასვლაზე ფრე, ჩემპიონობის გარანტიააო.  იმის ყურება კი შეუძლებელი იყო.საერთოდ,  ძალიან გამიჯნული იყო უხეში და რბილი ფეხბურთი, ძალისმიერი და ტექნიკური ფეხბურთი, იმპროვიზაცია და დაგეგმილობა, დაცვითი ფეხბურთი და შემტევი ფეხბურთი.

 

 

დღეს ასე აღარაა.  ყველა დარბის, ყველა ატყუებს, ყველა წინ და უკანაა, ყველა ურტყამს, ყველა ვითომ შემთხვევით აბიჯებს წაქცეულ მოწინააღდმეგეს და ასე შემდეგ. დიდად ვეღარ გაარჩევ ჩილეს ნაკრებია მოედანზე თუ მანჩესტერ იუნაიტედი.  ფეხბურთისთანა გლობალიზირებული მგონი ჯერჯერობით არაფერია დედამიწის ზურგზე. მოკლედ, სხვა თამაშია.ძლიერი თამაშია და თავდაუზოგავიც.

მაგრამ ჰა, ამხელა დინამიკა და ჭიანჭველების ბუდეა გამართული და მაინც რაღაც აკლია. ალბათ მრავალფეროვნება და მეტი თავისუფლება. ამიტომაა, რომ ეს გაზაფხული აიაქსისაა. რას მოიგებს და წააგებს აწი, ვინ იტყვის, მაგრამ აი, ეგ არი, რო მოდის დრო და მოდის აიაქსი და შეგვახსენებს ხოლმე რაღაც უძვირფასესს, რაც დამარხულია ფეხბურთში და რასაც ასე ფარავს ეს დღევანდელი ფეხბურთი. 


 

იშვიათად მოდის, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ყოველთვის მოვა, რადგან ამდენ ჯაჯგურში, კლასში და გენიოსობაში, მოხდება ხოლმე, რომ ამ ქალაქში როგორღაც მოუყრან თავს რამდენიმე  უწვერულ ბიჭს, რომლებშიც ერთი-ორი ნაცადი ბებერიც გამოერევა, ჩაუდგება ამათ თავში სრულად გონებაგახსნილი ახლაგაზრდა კაცი  და წავიდა თავუფლებააააა.


 

აიაქსმა ერთხელ უკვე შეცვალა მსოფლიო ფეხბურთი. დაახლოებით ისე შეცვალა, ფაიტონი რომ შეცვალა მანქანამ და იმის მერე კი, აი, სწორედ ასე იქცევა. მთელი ეს დე იონგები, დე ლიჰტები, დე ბეკები, ეს დაღლილი ტადიჩი, მთელი ეგ ხალხი ხომ არ ილევა და არც გამოილევა არასდროს. ამხელა ფულში, ამის კეთება, დიდი საოცრება და დიდი საჩუქარია. ეს არის ფეხბურთის უძვირფასესი სახე. შეიძლება დღეს კონიუნქტურულად არა მთავარი, მაგრამ უძვირფასესია. ახლა გაყიდიან. უკვე გაყიდულია ზოგიერთი. სამაგიეროდ, ეს უკვე მაგარი იყო.