ტიტულების მეფე

დანი ალვეში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელია

21 აპრილს, პსჟ-მ მონაკო პარკ დე პრენსზე მიიღო და კილიან მბაპეს ჰეთ-თრიკით 3:1 დაამარცხა. პარიზულმა გრანდმა, ამ გამარჯვებით ბოლო შვიდ სეზონში მეექვსედ საფრანგეთის ჩემპიონობა იზეიმა.

 

ლიგა 1-ის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ, ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანი ალვეში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა. დანი ალვეშმა მოგებული ჯილდოების რაოდენობით (42) ეგვიპტელ ჰოსამ ჰასამის გადაასწრო.

 

დანი ალვეშმა ტიტულები 5 სხვადსხვა კლუბის, მშობლიური ბაიას, სევილიას, ბარსელონას, იუვენტუსის და პსჟ-ს შემადგენლობაში მოიგო. 35 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის ტიტულების ყულაბას ესპანეთის, იტალიის და საფრანგეთის შიგნით მოგებულ ყველა შესაძლო ტურნირთან ერთად, 3 ჩემპიონთა ლიგა, 4 ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს 3 საკლუბო ჩემპიონატი მიეკუთვნება. ალვეშმა წარმატებას სანაკრებო დონეზეც მიაღწია, სადაც მან კოპა ამერიკა 2007 წელს, 2009 და 2013 წელს კონფედერაციის თასი და 2003 წელს 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

 

 

ალვეშს მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი ტიტულის მოგება შეუძლია და ეს საფრანგეთის თასია, რომლის ფინალშიც პსჟ რენს დაუპირისპირდება. 

 

ბრაზილიელს საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება და შესაძლოა კარიერა სამშობლოში დაასრულოს.