რაც ქალაქელების ყურებისას ვიფიქრე

სიტიში? სიტიში საყვედური ვერ უთხრეს, რადგან ბაიერნისგან განსხვავებით მათთვის სტილი არავის შეუცვლია

ერთხელ, ფეხბურთზე ლაპარაკის დროს ასეთი აზრი გამოვთქვი: „ტიკი-ტაკადან“ მსოფლიო ფეხბურთს ყველაზე მეტად მაღალი პრესინგი შემორჩება, რადგან ბურთის ბარსელონურად გორებას ჩავი, ინიესტა, მესი, მწვრთნელად გვარდიოლა, ლა მასიაში ერთად აღზრდილი ბავშვები, კამპ ნოუ და 2008-12 წლები სჭირდება, მეთქი. 

არ ვარ მართალი?

მაღალი პრესინგი რომ მოდაშია, ფაქტია. ბურთის გორება კი გვარდიოლამ ბარსადან წასვლის შემდეგ ჯერ ბაიერნში სცადა, მერე მანჩესტერ სიტიში და რომ გითხრათ ჩავის, ინიესტას, მესის და ლა მასიაში ერთად გაზრდილი ბავშვების გარეშე სადმე ხოშიანად გამოუვიდა, მეთქი ალბათ შევცდები. ასტროლოგი რომ ვიყო იმასაც დავასაბუთებდი, რომ იმ „ტიკი-ტაკას“ მაინცა და მაინც 2008-12 წლები სჭირდებოდა.


ეს ვიხუმრე. ნახევრად მაინც…

არადა, თითქოს ფეხბურთელებსაც შესაბამისს ყიდულობდა — მსუბუქ ლათინოსებს, ტექნიკურებს, მორგებულებს, მაგრამ ის ბარსა სხვა იყო. ცა და დედამიწა. მეტიც, ბაიერნის ქომაგები გაუბრაზდნენ, ჩვენს ნაღდ გერმანულ ტანკს ძრავა შეუცვალეო.

სიტიში? სიტიში საყვედური ვერ უთხრეს, რადგან ბაიერნისგან განსხვავებით მათთვის სტილი არავის შეუცვლია. სიტი თავისი განსაკუთრებული სახის მქონე დიადთა ტოლი გუნდი არასდროს ყოფილა. 

იმას თუ ვიგულისხმებთ, რომ  ოდესღაც, ათწლეულების წინ, ქალაქელები ტიპიურ ინგლისურ ფეხბურთს უბერავდნენ თავისი ფლანგიდან ჩაკიდებებით, თავურებით და თამაშის შემდეგ პაბში გადახუხვით, მაშინ ჰო, მაგრამ ეგრე სტილი ყველგან შეიცვალა. ამ საქმეში გვარდიოლა უდანაშაულოა. გარეთ გლობალიზაციაა და ნელ-ნელა ყველა გუნდი ერთმანეთს რომ ესგავსება, იმას მოვკითხოთ.. მანჩესტერ სიტი კი, როგორც დიადი კლუბი, ბოლო პეროდში ყალიბდება და ამიტომაც ხან ცოტა ასეთია და ხან ცოტა ისეთი. მოკლედ, ფული არის, ისტორია და ტრადიცია კი სხვა გრანდებთან შედარებით ნაკლებად. (ვიმეორებთ, ყველაფერი შედარებითია, თორემ ინგლისში რომელიმე ევროპული თასი მგონი მესამე ლიგამდე ყველა კლუბის მუზეუმში დევს). თან, პეპმა ქალაქელებს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა და მადლობის მეტი ვის რა უნდა ეთქვა. 


 

ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმის თქმა მინდოდა, რომ „ტიკი-ტაკა“ (სხვათა შორის ეს ტერმინი თვითონ გვარდიოლას არ უყვარს, ცანცარს გამოხატავსო) ადრინდელი ტაქტიკური სიახლეებისგან განსხვავებით ძნელი გადასაღები მგონია და ალბათ უფრო ბარსელონური ფენომენია, ვიდრე ფეხბურთის თამაშის ყველასთვის გამოსადეგი ხერხი. ის კი არა, თვითონ ბარსელონას შემდგომი თაობებიც კი შეძლებენ თუ არა მის თამაშს, კაცმა არ იცის. პასების გორება ბოლო წლებში იცოცხლე, ბევრმა გუნდმა სცადა (და ამას ალბათ თანამედროვე მოედნების საოცარი ხარისხიც უწყობს ხელს), მაგრამ ის, რასაც სხვათა შესრულებით ვუყურებთ, მაინც არასრულყოფილი და ხშირად ხელოვნურია.

ამ ბლოგის დაწერისკენ კი მანჩესტერ სიტის ბოლო თამაშებმა მიბიძგა: ორი შეხვედრა ტოტენჰემთან და ერთიც მანჩესტერული დერბი. ქალაქელებს წარმოუდგენლად ემოციური კვირა ჰქონდათ. 

 

 

სიტიმ, რომელიც პეპის ხელში რასაკვირველია გაძლიერდა და სავარაუდოდ კიდევ უფრო გაძლიერებდა, სამივე მოიგო (4:3, 1:0 და 2:0), მაგრამ ფანების და ალბათ უპირველეს ყოვლისა თვითონ გვარდიოლას სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა. 4:3 შემდეგ ეტაპზე გასვლას არ ეყო. არადა, დღევანდელ ფეხბურთში გრანდობა ლიგის მოგების გარეშე არ არსებობს. 1970 წელს აღებული თასების თასით ვერ იტყვი რეალს და ბარსელონას ვეტოლებიო. თუ მაინც იტყვი და ბევრი არ დაგიჯერებს.


 

მაგრამ, ბლოგი სხვა რამეზე იყო. გვარდიოლას სტილსა და პასებზე აწყობილ ფეხბურთზე, რომელსაც ჟურნალისტებმა „ტიკი-ტაკა“ დაარქვეს, რაც პეპს აღიზიანებს. არის კი ის, რაც სიტიმ ბოლო სამ თამაშში ითამაშა „ტიკი-ტაკა“? ალბათ, ვინმე იტყვის, იმასთან შედარებით, რასაც ქალაქელები ადრე თამაშობდნენ, რასაკვირველია არისო, მაგრამ ამ ტერმინზე მე ჩავი, ინიესტა, მესი, ლა მასიაში ერთად აღზრდილი ბავშვები, კამპ ნოუ და 2008-12 წლები მახსენდება და… რა ვიცი, ეს რაღანაირი „ტიკი-ტაკა“ გამოდის?


 

მაღალი პრესინგი კი ბატონო. ამას სპეციფიკური გარემო და ათასი რაღაცის დამთხვევა არ სჭირდება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.