ვასილ მაისურაძე: ვგრძნობდით, ევროპის ჩემპიონობასთან ახლოს ვიყავით

ვასილ მაისურაძე ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაა ქართულ ფეხბურთში. 2012 წელს მისმა გაწვრთნილმა საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრებმა ევროპა გააოცა, როცა კონტინენტის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. 

19–წლამდელებში კი ერთი გოლი დააკლდა ფინალურ ეტაპამდე და იქიდან უკვე ერთი ნაბიჯი იყო 20–წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატამდე.  

 

მაისურაძე იყო მთავარი მწვრთნელი იმ ლოკომოტივისა, რომელმაც ხუთი წლის წინ  ბარსელონას 19–წლამდელებს გასვლაზე 1:0 მოუგო. ფაქტობრივად, ლოკოც 19–წლამდელების გუნდი იყო, ჭაბუკებით სავსე.  

 

ბოლო ორი წელია, მაისურაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლების განყოფილების ხელმძღვანელია. ამავდროულად, საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებს თავკაცობს. ეს ასაკი, როგორც იცით, შესარჩევებს არ თამაშობს: გარდამავალი ნაკრებია ახალგაზრდული გუნდისკენ.

 

აქვე, Leadersport-ის ინტერვიუ მაისურაძესთან:

 

ჯერ უშუალოდ თქვენს სამსახურზე. განათლების კუთხით რა სიახლეებია და რას უნდა ველოდოთ?

 

უეფას კონცეფციის თანახმად ვმოქმედებთ და ეს მოიცავს სამდღიან მოდულებს. C და B ლიცენზიებზე ექვსთვიანი სწავლებაა, A–ზე ერთი წელი, პროლიცენზიაზე ორი წელი. ბევრად ხარისხიანად მიმდინარეობს მუშაობა. დაინერგა ტუტორის ინსტიტუტი. ყველა კატეგორიის ლიცენზიაზე თავისი შესაბამისი ტუტორები არიან. მაგალითად, პროლიცენზიაზე პროლიცენზიის მქონე ტუტორი ხელმძღვანელობს. მარტივად რომ ვთქვათ, ტუტორი გახლავთ ხელმძღვანელი, რომელსაც ხუთკაციანი ჯგუფი ჰყავს და რევიზორივით კი არ ადგას თავზე, არამედ ეხმარება.      

 

რა ინტენსივობით ტარდება კურსები? მაგალითად, C ლიცენზიაზე წელიწადში რამდენი მსურველია?

 

წელიწადში ხუთ ჯგუფს ვუშვებთ, თითო ჯგუფში დაახლოებით 20 კაცით. ანუ, საშუალოდ, დაახლოებით წელიწადში 100 კაცი გადის ამ C–ს კურსებს. A–ზე დაახლოებით ერთ ჯგუფს წელიწადში და ასევე, პრო–ზეც ერთ ჯგუფს. ვფიქრობ, ყველაზე მეტად სწორედ დასაწყისში, ბავშვთა ფეხბურთში გვიჭირს, ამიტომაც არის აქცენტირება C და B კურსებზე. როგორც იცით, ეროვნულ ლიგაში გუნდს აუცილებლად პრო–ს მქონე მწვრთნელი უნდა ჰყავდეს. შესაძლოა, 2020 წლიდან ეს მოთხოვნა წამოვაყენოთ ეროვნული ლიგა2–ის გუნდებისთვისაც. ჯერჯერობით, A ლიცენზიაც საკმარისია. A ლიცენზია უნდა ჰქონდეთ ასევე 17 და 19–წლამდელთა გუნდების თავკაცებსაც. სიახლეა ის, რომ ლიცენზია იქნება აუცილებელი მეკარეების მწვრთნელებზეც, ასევე ფუტსალშიც. და კიდევ, იგეგმება ფიზმომზადების სერიოზული კურსები. ყველამ იცის, რომ ფიზმომზადების მხრივ ქართულ ფეხბურთში დიდი პრობლემებია. კადრები არ გვყოფნის. ხუთწლიანი სწავლება იქნება.

 

ფიზმომზადების კურსებზე უცხოელებს ჩამოიყვანთ?

 

დიახ. უცხოელები ჩაატარებენ კურსებს. ბევრ ქართულ კლუბს ფიზმომზადების მწვრთნელი არც ჰყავს, ან თუ ჰყავს, არასაკმარისი ცოდნით. ასე აღარ გაგრძელდება. ისე კი, უეფას რეკომენდაციაც არის, რომ ფიზმომზადების მწვრთნელებად ყოფილი ფეხბურთელები მუშაობდნენ.

 

ძალიან კარგი იქნება. მკითხველს დააინტერესებს, თუ რა ღირს სწავლება შესაბამის ლიცენზიაზე. C, B, A, პრო.  

 

C – 400 ლარი, B – 800, A – 3000 (ოღონდ, ნახევარს ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს) და პრო 20 000, ოღონდ აქაც ნახევარს ფონდი ფარავს და კიდევ, თანხის გადახდა ნაწილ–ნაწილ, კვარტლურადაც შესაძლებელია.

 

პარალელურად 20–წლამდელთა ნაკრებსაც წვრთნით...

 

პრაქტიკა საჭიროა, რათა ინტენსივობას არ ჩამოვცილდე.  ბევრ ევროპულ ქვეყანაშია აპრობირებული, რომ მწვრთნელთა განათლების განყოფილების ხელმძღვანელი 20–წლამდელებსაც წვრთნის, რადგან ეს ნაკრები შესარჩევს არ თამაშობს და მეტი დრო აქვს თეორიისთვის.  

 

თუმცა ადრენალინი ცოტაა... არ გენატრებათ მუდმივი სამწვრთნელო პროცესი?

 

როგორ არ მენატრება?! მაგრამ საჭიროა ვიყო იქ, სადაც ვარ. ამ ეტაპზე ასეა.

 

თქვენმა გაწვრთნილმა 17–წლამდელებმა მაგარ შედეგს მიაღწიეს. შეგიძლიათ ის და დღევანდელი თაობა შეადაროთ?

 

ათი წელია, რაც ასაკობრივებში ვარ. ორი–სამი გამორჩეული ტალანტი ყველა ნაკრებში იყო. მათ გარშემო კონკურენტუნარიანი გუნდის გაკეთება შესაძლებელია. დინამო, საბურთალო, ლოკომოტივი, ახლა სფფ აკადემიაც – ამ ოთხი კლუბის კისერზეა ასაკობრივი ნაკრებები. ეს ცუდია, არჩევანი ცოტაა. დინამო რომ ჩავა და ადგილობრივ გუნდს 10:0–ს მოუგებს, სირცხვილია. რაც არ უნდა სუსტი შემადგენლობა ჰყავდეს, A ლიცენზიის მქონე მწვრთნელი იმდენს მაინც უნდა ასწავლიდეს, რომ ორნიშნა ანგარიშით არ აგებდეს. უბრალოდ, ზონური დაცვა მაინც ასწავლოს... ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას, გვექნება მწვრთნელებთან საუბარი.

 

კაკაბაძე, აბურჯანია, დვალი, პაპუნაშვილი – მაშინდელი 17–წლამდელებიდან ოთხნი ახლა ეროვნულ ნაკრებში არიან. მეტს ელოდით მათგან?

 

მეტი მინდოდა, მაგრამ მეორე მხრივ, ოთხი კაცი ცოტა არაა. მაგალითი: შვეიცარია ათი წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 17–წლამდელებში. მათ დენი რაიზერი წვრთნიდა, რომელიც ახლა შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს და აქ იყო ჩამოსული. ვისაუბრეთ და მითხრა, მაშინდელი ჩემი 17–წლამდელებიდან მხოლოდ სამმა ითამაშა მთავარ ნაკრებშიო. მსოფლიო ჩემპიონებიდან მხოლოდ სამმა! (ჯაკა, სეფეროვიჩი, როდრიგესი – ი.ნ)

 

დიახ, მაგრამ ძლიერი საფეხბურთო ქვეყნები იტანენ ამ დანაკლისს, საქართველო კი – ვერა. აქ თითოეული ტალანტის დაკარგვა იგრძნობა.

 

გეთანხმებით, ამაშია სწორედ განსხვავება გრანდებსა და სხვა ქვეყნებს შორის. თუმცა გარდაუვალი პროცესია. იმისთვის, რათა განვითარდნენ, საჭიროა სათამაშო პრაქტიკა, თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში. ზოგს ნაადრევად მოსდის უცხოეთში წასვლა.

 

მაშინდელ 17–წლამდელებში თითქოს არ იყო ისეთი გამოკვეთილი ლიდერი, როგორიც წინა ნაკრებებში იყვნენ ჯანო ანანიძის, ან გიორგი ჭანტურიას სახით, თუმცა შედეგი თქვენ უფრო გქონდათ...

 

შემტევებში მართლაც არ გვყავდა ასეთები, მაგრამ იყო ერთი გუნდი ერთი მიზნით და სულისკვეთებით.

 

ნახევარფინალში ჰოლანდიასთან რუმინელი ავრამის ცუდი მსაჯობა რომ არა, ვინ იცის...

 

სხვათა შორის, გავიგეთ და უეფაშიც ოდიოზური სახელი ჰქონია იმ მსაჯს. ბევრი საქმე იყო მის წინააღმდეგ. თუმცა ამით ჩვენ რა ხეირი... არადა, ჩემპიონობასთან ახლოს ვიყავით. ამას ვგრძნობდით. ფინალში გერმანიას ვხვდებოდით და ნამდვილად არ იყო დაუმარცხებელი. ამ ნაკრების ძალა კიდევ უფრო გამოჩნდა, როცა იმავე ჰოლანდიას თბილისში 19–წლამდელების შესარჩევში 2:1 მოვუგეთ და ჯგუფში დავტოვეთ. იმ დროს ევროპაში ერთ–ერთი უძლიერესი ნაკრები გვყავდა.

 

ისრაელთან ელიტ–რაუნდში ბოლო ტურში 0:1 წააგეთ. არადა, ფრე გაწყობდათ და სათამაშო უპირატესობას ფლობდით. გულდასაწყვეტი იყო...

 

ჩემს კარიერაში ასე არასოდეს დამწყვეტია გული. არ ვიცი, ალბათ, რაღაც–რაღაცეებში შევცდი. უკვე წასული ამბავია. ბიჭებს თავისუფალი დრო მივეცი თამაშამდე, ბევრი გულშემატკივარი გვყავდა და მათ შევახვედრე. ალბათ, ამანაც იმოქმედა.

 

უცხოეთში, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, 17 და 19–წლამდელთა ნაკრებებში ყველას თავის ასაკში ათამაშებენ. აქ ხშირად ხდება, რომ პატარებს მასიურად სწევენ ზემოთ. თქვენი აზრით, არ სჯობს, რომ თავის ასაკში ითამაშონ?

 

გეთანხმებით, სჯობს ყველა თავის ასაკში იყოს, თუ მაინცდამაინც სუპერტალანტთან არ გვაქვს საქმე. ერთ ფეხბურთელს ორი შესარჩევი მოუწიოს, მეორეს კი არცერთი (თუ მათ შორის დიდი სხვაობა არაა), ვფიქრობ, არასწორია. ზოგადად კი, შევთანხმდით, რომ ფეხბურთელის სხვადასხვა ნაკრებებში თამაში არ უნდა უწევდეს, გავუფრთხილდეთ.

 

ბოლოს, საინტერესოა თქვენი აზრი ამსტერდამის აიაქსზე. რა ფენომენთან გვაქვს საქმე?

 

მიხარია, რომ ასეთი განსხვავებული ფილოსოფიის გუნდი იგებს და იგებს. დავიწყებ მწვრთნელით. ტენ ჰაგი ახალგაზრდაა და ტიტულები შია.  თანამედროვე ტენდენციები აქვს და საოცარი სელექცია აწარმოა. დე ლიხტი, დე იონგი... რაც მთავარია, აიაქსია, ჰოლანდიური სკოლა კი ახალგაზრდების მხრივ დომინირებს ევროპაში. უბრალო დამთხვევა არაა, რომ აიაქსი და ჰოლანდიის ნაკრები ერთად დაბრუნდნენ.

 

ჩემპიონთა ლიგაზე აიაქსს ქომაგობთ?

 

დიახ. აიაქსმა რომ ლიგა მოიგოს, მაგარი ამბავი იქნება მსოფლიო ფეხბურთისთვის. უფრო დიდი სტიმული იქნება პატარა ქვეყნებისთვის. უკვე არის მაგარი ამბავი, მაგრამ თასის მოგება სულ სხვაა. ერთხელ ხომ მოიგეს ასე 18–19 წლის ბიჭებით, ამიტომაც აღარ გამიკვირდება.

 

თუმცა მაშინ, ლუის ვან გაალის დროს რომ მოიგეს, 100 და 200 მილიონებს არ იხდიდნენ ფეხბურთელებში, ასეთი სხვაობა არ იყო ფულიან და უფულო კლუბებს შორის.

 

გეთანხმებით, ახლა უფრო გმირობა იქნება, თასი რომ მოიგონ. სხვა რეზონანსი ექნება.   




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.