დე ხეას კარიუსზე ცუდი სეზონი აქვს

ესპანელი მეკარის საშინელი სტატისტიკა - შერჩა მანჩესტერს ძლიერი რგოლი?

სერ ალექს ფერგიუსონის გუნდიდან წასვლის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედს მძიმე დროება უდგას. მიუხედავად გუნდში რამდენიმე გამოცდილი თუ ამბიციური სპეციალისტის მუშაობისა, წითელმა ეშმაკებმა სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ბოლო წლების განმავლობაში, გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის და ამას ხან პრემიერლიგიდან, ხანაც ევროპის ლიგიდან ცდილობს.

ამ რთულ პერიოდში, გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი მეკარე დავიდ დე ხეა იყო, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ სეზონის ბოლოს ესპანელი მეკარე მანჩესტერის საუკეთესო ფეხბურთელად სახელდებოდა ხოლმე. თუმცა, ეს გათამაშება ნამდვილად გამონაკლისია. ძველებურ ფორმაში ვეღარც დე ხეა არის და უპატიებელ შეცდომებს ერთი-მეორის მიყოლებით უშვებს.

მიჯრით ჩატარებულ სამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, ბარსელონას მანჩესტერ სიტის და ჩელსის წინააღმდეგ, 28 წლის მეკარე სამჯერ შეცდა, რაც მის გუნდს ძალზედ ძვირად დაუჯდა.

 



სასაცილო, მანჩესტერის ქომაგებისთვის კი სატირალია, მაგრამ დე ხეას სტატისტიკური მაჩვენებლები იმდენად ცუდია, რომ მასზე უკეთ ბეშიქთაშში განათხოვრებული ლივერპულის კარის დარაჯი ლორის კარიუსიც კი გამოიყურება. გერმანელი, რომელსაც შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული 2 უმძიმესი შეცდომის გამო, პლანეტის ყველაზე ცუდ მეკარედაც კი მოიხსენიებდნენ.

ლიგაში გაშვებული გოლები:

დე ხეა: 53

კარიუსი: 39

საშუალო რეიტინგი ერთ მატჩში:

დე ხეა: 6.46

კარიუსი: 6.70

შეცდომა, რომლითაც გოლი გავიდა:

დე ხეა: 4

კარიუსი: 0

საშუალოდ ერთ მატჩში გაშვებული გოლების რაოდენობა:

დე ხეა: 1.4

კარიუსი: 1.2

მოგერიებული პენალტები:

დე ხეა: 0

კარიუსი: 1

ზუსტი პასების პროცენტი:

დე ხეა: 58.8%

კარიუსი: 60.1%