ლონდონი, რომელსაც ალაგ-ალაგ ომსკი ჯობია

ქალაქში კი მარტო 18 ისეთი კლუბია, ისტორიამ რომ შთანთქა. დღეს რომ აღარ არსებობს

კიდევ კარგი ყველაფერი დათვლილი და დახარისხებული აქვთ. მარტო პრემიერშიფიდან მოყოლებული ზედა რვა დივიზიონში ორმოცდაერთი (41!) უწერიათ. მერე შენიშვნაა, ამის ქვემოთ კიდევ ოთხ ლიგაში არიანო, მაგრამ მაგათი დამთვლელი მე არ ვარ. ან, ამდენი ლიგა რა უბედურებაა…

ლონდონის კლუბებზე მოგახსენებთ. ერთი ქალაქის საფეხბურთო კლუბებზე. ისე, კლუბების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ მთელი ლონდონი ფეხბურთს თამაშობს, არა?


 

არ მეგულება ადამიანი, რომელიც იფიქრებს, რომ ამ კლუბებს სახლ-კარი არ აქვთ. ყველას აქვს თავისი სტადიონი. ყველაზე პატარა თურმე რემფორდის სტადიონი მილ ფილდია, რომელზეც 1100 ადამიანი ეტევა, ხოლო ყველაზე დიდი ტოტენჰემ ჰოთსპურის ახალი სარბიელი, სადაც 62 062 ადგილია — ის 2062 ადგილით აღემატება ვესტ ჰემის ახალ სტადიონს და 1462 ადგილით არსენალის ემირეითს.


მოკლედ, სამშაბათს ტოტენჰემის და აიაქსის თამაშს რომ ვუყურებდი ფიქრს ფიქრი მოჰყვა და უცებ ჩემს გონებაში ეს თემა — ლონდონური ფეხბურთი — წამოტივტივდა.

ჰო, მართლა, ზემოთ უემბლი არ გვიხსენებია, რადგან არც ერთ კლუბს არ ეკუთვნის. აქ, როგორც წესი სტუმრებს ინგლისის ნაკრები მასპინძლობს და კიდევ, ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალები იმართება.

სხვა სიტყვებით, ზემოთ ნახსენებ ჩამონათვალში არ არის სტადიონი, სადაც 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალები გაიმართა; რომელიც 90 000 მაყურებელს იტევს და რომელსაც ჩემპიონთა თასის (ახლებურად ლიგის) ხუთი ფინალისთვის უმასპინძლია. ის „კამპ ნოუს“ მერე ტევადობით მეორეა ევროპაში. მანდ ნამყოფი ვარ.


 

ვარ ნამყოფი, ოღონდ ძველში. ის გემრიელი, ლეგენდარული და ისტორიული უემბლი 2000 წელს დახურეს, დაანგრიეს და 2007-ში ეს ახალი, თანამედროვე ნაგებობა წამოჭიმეს. მახსოვს, მაშინ ვიფიქრე, ამ ინგლისელებს კულტურული მემკვიდრეობისადმი რა თავისებური დამოკიდებულება აქვთ, მეთქი. მაინცდამაინც უემბლის რომ არ დატაკებოდნენ, ახალი სტადიონისთვის ვითომ ადგილს ვერ იპოვნიდნენ? ანდა, რამდენი ქვეყანა დაანგრევდა ნაგებობას, სადაც ისტორია შექმნილა? ალბათ ცოტა.

თუ ფეხბურთისთვის აღარ უნდოდათ, კონცერტები ჩაეტარებინათ, ტურისტები მიეყვანათ…

ის ძველი უემბლი მართლა ძალიან რაღაცნაირი, კეთილი სტადიონი იყო. სიდიადით არ გთრგუნავდა. პირქუში არ იყო. ახალი როგორია, არ ვიცი. ვინც ყოფილხართ, თქვენს ბლოგებში ან კომენტარებში მოგვიყევით. ძალიან მაინტერესებს.


 

ლონდონში ჩარლტონ ატლეტიკის სტადიონზეც ვარ ნამყოფი. ველი ერქვა. ჰქვია, უფრო სწორედ. სადღაც იყო, მიტოვებული დოკების იქით. ჯერ მარტო გზამ მოახდინა შთაბეჭდილება. თვითონ ეს ველი კი პატარასახლებიან უბანში (თუ გარეუბანში) ჩასმული კოხტა, 27 ათასიანი ნაგებობა იყო და… თამაშს ძალიან ბევრი ბავშვი ესწრებოდა. ასეთი რაღაც არსად მინახავს. გადაივსო ათიდან თხუთმეტ-თექვსმეტ წლამდე ბავშვებით იქაურობა. ინგლისის და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები თამაშობდნენ.


 

ზოგადად კი, ლონდონი ძალიან კოლორიტული ქალაქია. თან, მრავალფეროვანი. ცენტრი ხომ ცენტრია, ტრაფალგარი, ტაუერი, ბაკინგემის სასახლე, ვესტმინსტერის ტაძარი, თავისუფალ მასონთა ტავერნა (სადაც 1863 წლის 26 ოქტომბერს ფეხბურთის წესები მოიგონეს) ომნიბუსები, ძველებური დიზაინის შავი ტაქსები, წითელი სატელეფონო ჯიხურები, მეტროს არანორმალურად დახლართული ქსელი, სადაც, როგორც მითხრეს საცობებიც კი ხდება… და იმავდროულად არის ძველი დოკები, მუშათა რაიონები, რაღაც მეტალის ღობეები, მილები…

გახსოვთ, რომან აბრამოვიჩმა ჩელსი როგორ იყიდა? როგორ და ჯერ ტოტენჰემს სთავაზობდნენ. ეროვნებაც ხელს უწყობდა — სფურზი ხომ ებრაელების კლუბია. ჰოდა, წავიდა არკადიევიჩი უაით ჰართ ლეინზე მოსალაპარაკებლად, მაგრამ ტოტენჰემ ჰაი როუდზე ფანჯრიდან გაიხედა, უბანს თვალი მოავლო და რუსულად ჩაილაპარაკა: „აქაურობა ომსკზე უარესია“.


 

ომსკში აბრამოვიჩს ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა ჰქონია.

და მიატრიალა ლიმუზინი ცენტრისკენ.

ქალაქში კი მარტო 18 ისეთი კლუბია, ისტორიამ რომ შთანთქა. დღეს რომ აღარ არსებობს. 

ყველაზე ტიტულოვანი კი არსენალი ბრძანებულა — სულ 41 სხვადასხვა ტროფი აქვს მოგებული. მერე მოდიან ჩელსი, ტოტენჰემი და ასე შემდეგ.

ნუ, ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი არც ერთი არ არის, მაგრამ ეგ არაფერი. მთავარია, რომ ლონდონი ფეხბურთით ცხოვრობს.





ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.