კასილიასს კარიერის დასრულება მოუწევს

იკერს გული მოედანზე აღარ გაუშვებს

იკერ კასილიასი პორტუს მორიგი ვარჯიშისას გულის შეტევა მოუვიდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა ყველაფერი კარგადაა და ესპანელი თავს მშვენივრად გრძნობს.

 

ბოლო ინფორმაციით, ლეგენდარულ მეკარეს კარიერის დასრულება მოუწევს. ამის შესახებ მისმა ექიმმა ხუან ანტონიო კორბალანამ განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია AS-დან შევიტყვეთ.

 

„კასილიასის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია. მას ჩვეულებრივად შეეძლება ცხოვრების გაგრძელება, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს,“ - განაცხადა კარდიოლოგმა.

 

შეგახსენებთ, რომ 37 წლის მეკარემ კარიერის უდიდესი ნაწილი მადრიდის რეალში გაატარა და ბლანკოსთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო. 2015 წლის ზაფხულიდან იგი პორტუს ფეხბურთელი გახლავთ.