ბასილაშვილს ამერიკელი ერგო

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მადრიდის მასტერსზე ცნობილია

5-12 მაისს, ესპანეთის დედაქალაქში დიდი საჩოგბურთო ციებ-ცხელება იქნება და სამეფო სპორტის მოყვარულთ მოსაწყენად ნამდვილად არ ეცლებათ. წინ მადრიდის მასტერსია, რომლის საპრიზო ფონდიც 6,536,160 ევროა.

 

შარშან, ამ უპრესტიჟულესი ტურნირის გამარჯვებული გერმანელი ალექსანდრე ზვერევი გახდა, რომელსაც ტიტულის შენარჩუნება ნამდვილად გაუჭირდება, რადგან არცთუ ისე სახარბიელო ფორმაშია. რა თქმა უნდა მადრიდში იქნება რაფაელ ნადალიც, რომელსაც გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაცია მართებს, რადგან მონტე-კარლოს და ბარსელონას ტურნირები ჩააგდო. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მადრიდის მასტერსზე გამოჩნდება დიადი როჯერ ფედერერიც.

 

მადრიდის მასტერსი არც ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე ჩაივლის, რომელიც ტურნირზე მე-17 ნომრად არის განთესილი. 2018 წელს ქართველი  ჩოგბურთელი ძირითად ბადეში არ ყოფილა და საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუხდა, სადაც ფრატანჯელო და ბაშიჩი დაამარცხა, შემდეგ კი უკვე 1/32 ფინალში გაელ მონფისთან დამარცხდა.

 

მას შემდეგ ბასილაშვილმა საგრძნობი პროგრესი განიცადა და აგერ უკვე რეიტინგში მსოფლიოს ოცეულის წევრია. წლევანდელ მადრიდის მასტერსზე მისი პირველი მეტოქე ფრანსის ტიაფო იქნება. 21 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი ხელსამოსაკრავი ნამდვილად არ გახლავთ. ის მსოფლიოს 31-ე ჩოგანია და ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. ასე რომ, ნიკოლოზ ბასილაშვილს იოლი გასეირნება არ ელის და კორტზე მაქსიმალური მობილიზება მართებს.

 

ქართველი და ამერიკელი ჩოგბურთელების დაპირისპირება 5 მაისს 14:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა მატჩის დაწყების დროს შესაძლოა შეიცვალოს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.