გელა სანაია: ჩაკვეტაძე ჩვენი მესია

ქართველი მწვრთნელი საქართველოს ჩემპიონატზე, ეროვნულ ნაკრებზე და სხვა საინტერესო თემებზე

გელა სანაიას საქართველოს ჩემპიონატში არაერთი გუნდი გაუწვრთნია, თანაც არცთუ ისე ურიგოდ. სამტრედია, ხობის კოლხეთი, ლოკომოტივი, ჭიათურა, მეტალურგი, შუქურა, ფოთის კოლხეთი და შევარდენი.

 

ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, სადაც ქართველ სპეციალისტს უმუშავია. იგი ამჟამად უქმობს, თუმცა ალბათ ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება. როგორც ინტერვიუში გვითხრა, რამდენიმე გუნდი ეპატიჟება, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტია თუ სად გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას.

 

გელა სანაიას საქართველოს ჩემპიონატზე, ეროვნულ ნაკრებზე და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

 

-საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატს როგორ შეაფასებთ? ვის მიიჩნევთ მთავარ ფავორიტად?

 

-ფავორიტის დასახელება გამიჭირდება, თუმცა 4 გუნდს გამოვყოფდი -  საბურთალოს, ტორპედოს, თბილისის და ბათუმის დინამოს. ვფიქრობ სწორედ ეს გუნდები იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის. რაც შეეხება ჩიხურას, საჩხერელთა საჩემპიონო ამბიციები ცოტა რთულად წარმომიდგენია.

 

 

-წინა სეზონთან შედარებით, ეროვნულ ჩემპიონატში რაიმე პროგრესს ამჩნევთ?

 

-მოგეხსენებათ ამ სეზონში ბათუმის დინამო ეროვნულ ლიგაში აღზევდა და ამით აჭარაში ფეხბურთი დაბრუნდა. ამ რეგიონიდან უმაღლეს ლიგაში წარმომადგენელი მხოლოდ ბათუმის დინამოა. გეგუჩაძის გუნდს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, ეს დიდ ძალას ძენს ჩემპიონატს.

 

რაც შეეხება საერთო სურათს, ვერ ვიტყვი, რომ დონე დიდად მომატებულია. საქართველო რამდენიმე გამორჩეულმა ფეხბურთელმა დატოვა, რაც ჩემპიონატსაც შეეტყო. ჩაკვეტაძე, ხარაბაძე, კიტეიშვილი. მათი და კიდევ სხვების წასვლა რა თქმა უნდა არ უწყობს ხელს დონის ამაღლებას.

 

-დღეს თუ ხედავთ ეროვნულ ლიგაში ფეხბურთელს ვის გამოც შეიძლება გულშემტკივარი სტადიონზე მივიდეს?

 

-ესეთი ფეხბურთელი იყო ჩაკვეტაძე, რომელიც მეტეორივით შემოიჭრა და ჩანდა, რომ ჩვენი ჩემპიონატიდან უცხოეთში წასასვლელად მზად იყო. დღეს ნაკრებში ჩვენი ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთ  ფეხბურთელს იწვევენ. საინტერესო ახალგაზრდები არიან დინამოში, საბურთალოში, ლოკომოტივში და კიდევ რამდენიმე კლუბში, თუმცა გამორჩევით ვერავის გამოვარჩევ.

 

-სწორედ ლოკომოტივზე მინდა გკითხოთ, თქვენი ერთ-ერთი ყოფილი გუნდია. ამჟამად ცხრილში მეცხრე ადგილზეა.  თქვენი აზრით რა არის გამოსასწორებელი იმისთვის, რომ რკინიგზელებმა შედეგი დადონ?

 

-ლოკომოტივი ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული გუნდია და ძალიან ვგულშემატკივრობ. თბილისელებს ახალი თავკაცი ჰყავთ ლევან კორღალიძის სახით და მინდა წარმატებები ვუსურვო მას.

 

რაც შეეხება წარუმატებლობის მიზეზს, ვფიქრობ ლოკომოტივს სეზონის სტარტზე შემადგენლობა უნდა გაეძლიერებინა. გუნდს იმის რესურსი არ აქვს, რომ რეალურად ოთხეულისთვის იბრძოლოს. იმის ძალა კი ნამდვილად აქვს, რომ ყველანაირი თავის ტკივილის გარეშე ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.

 

 

 

-ზაფხულში ქართულ გუნდებს ევროასპარეზზე მოუწევთ გამოსვლა. რა მოლოდინები გაქვთ?

-ახალი ფორმატიდან გამომდინარე გუნდებს დრო აქვთ ევროპულ თამაშებამდე შემადგენლობა გააძლიერონ, რაც უდაოდ მისასალმებელია. დიდი ოპტიმისტი არ ვარ და პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ჩვენს კლუბებს ჩემპიონთა ლიგაში გასვლის ძალა არ შესწევთ, თუმცა წინა სეზონს თუ გადავხედავთ ტორპედოს გამოსვლა ურიგო სულაც არ იყო და ევროპის ლიგამდე ქუთაისელებს ერთი ნაბიჯი დააკლდათ. ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ფანტასტიკის სფეროდან მგონია, თუმცა  ევროპის ლიგის პლეიოფში ქართული გუნდის გასვლა სავსებით რეალურია. ამისთვის ცოტა მეტი გამართლებაცაა საჭირო და კლუბებმა ფინანსურადაც მეტი უნდა დახარჯონ, რათა სასურველ შედეგს მიაღწიონ. როცა ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან გუნდების გასვლა გვიკვირს, გადავხედოთ რა რესურსით გადიან გაბალა, ყარაბახი და სხვები. საკმაოდ მაღალი დონის ლეგიონერები ჰყავთ და ამ შედეგამდე დიდი გზა გაიარეს.

 

-დღესდღეობით გუნდებს განვითარების სწორი მიმართულება აქვთ  აღებული?

 

- ხშირად ფეხბურთელებს აკრიტიკებენ, რომ ბოლომდე არ იხარჯებიან, მსაჯებზეც ბევრს საუბრობენ არაკეთილსინდისიერად უდგებიან საქმესო. პრობლემებია მენეჯმენტის კუთხითაც. ხშირად ხდება როცა კონკრეტული შედეგით კმაყოფილდებიან.

პირადად მე მქონდა მსგავსი პრობლემები როცა რეგიონებში ვმუშაობდი. იყო გუნდები, რომლებსაც მხოლოდ ფონდის დაფინანსების ეიმედებოდათ. ბევრს საკუთარი ბაზაც არ ჰქონდა. ეს საკითხები ხელმძღვანელობის მოსაგვარებელია და არა ფეხბურთელის ან მწვრთნელის. ასევე რთული სიტუაციაა ბავშვთა ფეხბურთში.

 

-ბოლო წლებში ასაკობრივი ნაკრებების შედეგები გაუარესდა, თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი?

 

-ამ თემაზე საუბარი ცოტა რთულია, არჩევანი არის თუმცა მცირე.  ვფიქრობ ეს დროებითი პროცესია და მალე სიტუაცია უკეთესობისკენ იქნება. ასაკობრივ ნაკრებში შედეგი მაინც არ მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი. შეიძლება გუნდმა თამაშები ვერ მოიგოს, თუმცა ამ ნაკრებიდან რამდენიმე ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებს გამოადგეს. ეს უკვე წარმატებაა.

 

-ამჟამად უმუშევარი ხართ და რომელიმე კლუბი თუ გიწვევთ?

 

-სამწუხაროდ ჯერ პაუზაა. რა იქნება არ ვიცი. ესეა მწვრთნელების საქმე, ხან ვმუშაობთ, ხან ვისვენებთ.

 

და ბოლოს ნაკრებზეც მინდა გკითხოთ. რა მოლოდინი გაქვთ ამ ჯგუფში და ბელორუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრასაც შევეხოთ.

 

-სიმართლე გითხრათ ამ ჯგუფიდან განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, თან ნაკრებმა სასტარტო მატჩებიც წააგო.  ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს და ძალიან გაგვიჭირდება.

 

სასიხარულოა, რომ ერთა ლიგიდან გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი. ბელორუსთან თამაში ბევრს გადაწყვეტს. ჩაკვეტაძე ჩვენთვის უდიდესი ძალაა და იმედია ერთა ლიგის ნახევარფინალში თამაშს შეძლებს. თუ გიორგი ბელორუსებთან იქნება შანსები გაორმაგდება. როგორც ბარსელონასთვის მესია ისეა ჩვენთვის გიორგი ჩაკვეტაძე