დამთავრდა!

ხუთი კარიერის ამბავი

ასეა: ისინი, ვინც გუშინ ჩვენს აღფრთოვანებას იწვევდნენ, დღეს უკვე ვეტერანები არიან და ნელ-ნელა კარიერის ბოლოში გადიან.
აქ, ხუთ გამორჩეულ ვარსკვლავზე ვიტყვით, ვინც ამ სეზონის დამთავრების შემდეგ უკვე ახალი სამსახურის ძიებას შეუდგება.  

 

პეტრ ჩეხი, 36 წლის, არსენალი

 

 

შესანიშნავმა მეკარემ ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებდა. მის ზურგს უკან პროფესიულ ფეხბურთში გატარებული 20 წელიწადია. ამასობაში ის ოთხჯერ გახდა პრემიერლიგის გამარჯვებული, ხუთჯერ მოიგო ინგლისის თასი, თოთოჯერ - ჩემპიონთა და ევროპის ლიგები,  მსოფლიოსა და ევროპის საუკეთესო მეკარის ტიტულები.

მიმდინარე სეზონში იშვიათად ჩნდება „მეთოფეთა“ რიგებში. მწვრთნელმა უნაი ემერიმ, უპირატესობა გერმანელ ბერნდ ლენოს მიანიჭა. ჩეხი უფრო ხშირად სათადარიგოთა სკამიდან უცქერს თამაშებს და ძირითადად ევროთასების მატჩებში მონაწილეობს.

გასულ ხუთშაბათს არსენალმა მასთან ერთად ევროპა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ვალენსია 3:1 დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გაგადგა. „მეთოფეებმა“ ეს ტურნირი თუ მოიგეს, ლეგენდარულ ჩეხს კარიერის ჩინებული დასასრული გამოუვა.

 

ჩავი, 39 წლის, ალ სადი 

 

 

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებში, ბარსელონას რეკორდსმენმა ჩატარებული მატჩების რაოდენობით (769), 21-ე საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გონიერმა მოთამაშე ჩავი ერნანდესმა მშობლიური კლუბი 2015 წელს დატოვა.

ბოლო სამი წელიწადი ყატარულ ალ სადში გაატარა და ნელ-ნელა ემზადებოდა სამწვრთნელო კარიერისთვის - სწავლობდა, აანალიზებდა, ერთობ საინტერესო ინტერვიუებს იძლეოდა...

3 მაისს მან ოფიციალურად განაცხადა, რომ მზადაა სამწვრთნელო საქმის დასაწყებად. არავის ეპარება ეჭვი, რომ მისი საფეხბურთო აზროვნების პატრონისგან, მწვრთნელიც დიდებული დადგება.

ახალ ამპლუაშიც მისი პირველი კლუბი ალ სადი იქნება.

 

რობინ ვან პერსი, 35 წლის, ფეიენოორდი

 

 

ლეგენდარული ჰოლანდიელი შემტევი, რობინ ვან პერსი, რომელმაც თავის დროზე არსენალისა და მანჩესტერის ქომაგები სამუდამოდ მოხიბლა, ახლა მშობლიურ ფეიენოორდში თამაშობს.

ოქტომბერში მან განაცხადა, რომ წლევანდელი სეზონი ბოლო იქნებოდა მის სათამაშო კარიერაში. 

სავარაუდოდ, მისი გაცილება 12 მაისს, დენ ჰააგთან საშინაო მატჩის დროს მოეწყობა. თუმცა, ხომ არ ჩქარობს წასვლას? მას ხომ ჰოლანდიის ჩემპიონატის 24 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი...

 

ტიმ ჰოვარდი, 40 წლის, კოლორადო 

 

 

ქარიზმატული ამერიკელი მეკარე, ეგრეც ვერ გახდა მანჩესტერისთვის „თავისიანი.“ სამაგიეროდ, ევერტონის ლეგენდად იქცა. მერსისაიდულ კლუბში მან 414 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირში და იქ 2016 წლამდე ირჯებოდა. შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და კოლორადო რეპიდსის ღირსებას იცავს.

MLS-ში სეზონი ოქტომბერში დამთავრდება და მეკარემ უკვე თქვა, რომ ეს მისთვის ბოლო სათამაშო წელიწადი იქნება. თუმცა კოლორადო საშინელ სეზონს ატარებს, ორი ფრით და შვიდი წაგებით დასავლეთ კონფერენციის ცხრილში ბოლო ადგილზეა.

 

იკერ კასილიასი, 37 წლის, პორტუ

 

 

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ოდინდელ კაპიტანს, უამრავი ტიტულებისა და რეკორდების მომხვეჭელ კაცს, ჩანს, კარიერის იძულებით დამთავრება მოუწევს.

მისმა კარდიოლოგმა, ხუან ანტონიო კორბალანმა განაცხადა, რომ პორტუს მეკარე, რომელმაც 1 მაისს მიკროინფარქტი გადაიტანა, იძულებული იქნება საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.

„არ შეიძლება ფეხბურთის თამაში, როცა კორონალური სტენტი გაქვს ჩაყენებული. იკერი ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ პროფესიონალი მოთამაშის კარიერასთან დამშვიდობება მოუწევს,“ - უთხრა კორბალანმა AS-ს.

შეგახსენებთ, რომ პორტუს ვარჯიშისას, კასილიასმა თავი შეუძლოდ იგრძნო. ის მაშინვე ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც გულის ოპერაცია გაუკეთეს. ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.