ეს ლივერპულია!

2019 წლის 7 მაისს ბიტლების ქალაქის გუნდმა მორიგი სასწაული ჩაიდინა!

ახლა ხვდები, ჩემო კარგო ყველაფერს? ახლა გრძნობ? ხომ ნახე, რა ძალაა აქვს მატჩის წინ ერთხმად დაგუგუნებულ You'll Never Walk Alone-ს?
This is Anfield!
ეს ლივერპულია!

 

მე ამ სიტყვებით იმ გაღიზიანებულ კაცს მივმართავ, რომელმაც თქვა, რა გააწყალეთ ლივერპულთან მოგებით გული, რა მოხდა ისეთი დღემდე რომ გახსოვთო. 1979 წლის ამბავი აბრაზებდა. უფრო სწორედ, ის, რომ იმ 40 წლის წინანდელ თამაშს ვერა და ვერ ველევით. ვერ ვივიწყებთ. მაშინდელი 3 ოქტომბრის წვიმა დღემდე რომ მოდის და აღარ გადაიღო.

 

კი, მეც ხშირად ვამბობ: მას მერე ლივერპულმა ასი ცხოვრება იცხოვრა, თავს უამრავი რამ გადახდა, ჩვენ კი სხვაგან გადავუხვიეთ და სადღაც, ჯანდაბის ბოლო გაჩერებაზე ამოვყავით თავი, მაგრამ…

 

 

 

ახლა მაინც ხომ ხვდები, ჩემო კარგო, რომ მაშინ ჩვენმა დინამომ აი, ამას(!) მოუგო.

 

და არ იფიქრო, რომ ის მაშინ მარტო იყო. ის არასოდეს ყოფილა და არასოდეს იქნება მარტო! YNWA!

 

სამშაბათს, ენფილდზე ზღაპარი გაცოცხლდა, ადამიანები კი ზღაპარს შევნატრით. ჯადოსნური ჯოხი გვინდა, ჯინის დოქი, ნატვრისთვალი… ოღონდ, არ ვიცით ეს აქსესუარები სად ინახება. მათი საცავი სად არის. ლივერპულში კი იციან. მათ ზუსტად იციან, რომ ნატვრისთვალიცა და ჯადოსნური ჯოხიც გულშია. იმ გულში, რომელიც ზღაპრის დღეებში ენფილდის ბოლო რიგიდან მოედნის ცენტრამდე თუ მეტოქის საჯარიმომდე ერთნაირად იწყებს ნათებას და ფეთქვას.

 

 

ასეთ დღეებში ლივერპულის თავზე ცა წითელია და მდინარე მერსიც წითლად მოედინება.

 

ეს მართლა საოცრება. This is Anfield!

 

ლივერპულმა პირველ შეხვედრაშიც კარგად ითამაშა, მაგრამ გოლი დააკლდა. მოედნის ცენტრი, მე თუ მკითხავთ, მათი იყო — თვით ბარსელონამ(!) ვერ გააგორა ბურთი. ნახევარმცველები არ ატარებდნენ. მეტიც, იყო კარგა დიდი მონაკვეთები, როდესაც ლივერპული ტრიალებდა მასპინძლების საჯარიმოსთან. და ერთადერთი, რაც მათ ვერ შეძლეს, შედეგიანი დარტყმა იყო. ხან ააცილეს, ხან ძელს მოარტყეს (რაც აცილების ნაირსახეობაა) და ხანაც მეკარემ აუღო. მოკლედ, თამაშის ბედი იქ, ბარსელონას საჯარიმოში გადაწყდა, აქეთა საჯარიმოსთან კი საპირისპირო სურათი გამოვიდა: ბარსელონელ ვარსკვლავებს თავიანთი გასატანი გაჰქონდათ და გაჰქონდათ. ეგ იყო, ბოლოს მოეცარათ ერთ ეპიზოდში ხელი, მაგრამ 3:0-ს რა ჰქონდა დასაწუნი? 3:0-ზე ჩივილი შეიძლება? ის კი არა, ალბათ, ბედიც უღიმოდათ, რადგან მეორე გოლის დროს ამხელა ლეო მესის ძელიდან ასხლეტილი ბურთი მაინცდამაინც ფეხებში ჩამოუხტა, დამარტყი და ბადეში შემაგდეო.

 

 

მოკლედ, პირველი თამაშის ანგარიში ისეთი იყო… თან რომ ვერ ამბობ სამართლიანიაო და თან ვერც ის გითქვამს, უსამართლობა მოხდაო. ბარსელონაზე ალალი იყო, ლივერპული კი ცოდო დარჩა.

 

აი, საპასუხო შეხვედრაში კი უკვე ბარსას არ გაუმართლა. თამაში ენფილდის ზღაპრის დღეს დაემთხვა. და დაიწყო უსალაჰო, უფირმინო და სამი გოლით ჩამორჩენილმა ლივერპულმა ის, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ.


 

 

ჰქონდათ სტუმრებს გოლის გატანის შანსი? კი ბატონო! როგორ არა! მერე გაიტანეს? ვერა!

 

თუმცა, ნიშანდობლივი ეს კი არ იყო, ნიშანდობლივი მეოთხე გოლი გახლდათ. ბარსელონელებმა მეოთხე ისეთი გაუშვეს, რომ ეტყობოდათ, ისინი უკვე ენფილდური ჯადოს სრული გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. მეტოქე კუთხურს აწვდიდა, ესენი კი ზომბირებულები სადღაც მიდიოდნენ.


 

 

რას იზამ. ხდება. This is Anfield! ეს ლივერპულია!

 

2019 წლის 7 მაისს ბიტლების ქალაქის გუნდმა მორიგი სასწაული ჩაიდინა!

 

ჩემს ცაზე კი 1979 წლის 3 ოქტომბრის წვიმამ დასცხო ახალი ძალით.

 

წვიმამ, რომელიც არასდროს გადაიღებს.

 

 

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.