კლუივერტი: განადგურებული ვარ

ბარსელონას და აიაქსის ყოფილი ფეხბურთელი ძველი გუნდების მარცხით იმედგაცრუებულია

ფეხბურთის გულშემატკივარი ჩემპიონთა ლიგის ფინალში იოჰან კრუიფის ორი გუნდის - აიაქსისა და ბარსელონას დაპირისპირებას მოელოდა, თუმცა ნახევარფინალში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ტოტენჰემმა და ლივერპულმა ორრაუნდიანი დაპირისპირებების ბედი სათავისოდ შემოაბრუნეს და ფინალის საგზური მოიპოვეს. 

 

კაცი, რომელსაც, როგორც ბარსელონაში ისე აიაქსში უთამაშია, ამბობს, რომ ორი რთული ღამე ჰქონდა. პატრიკ კლუივერტზე მოგახსენებთ.

 

„ბარსელონას და აიაქსის მარცხი ჩემთვის გამანადგურებელი იყო. ეს ორი ღამე ჩემთვის კოშმარული იყო.  გუნდები, რომლებიც მარადიულად ჩემს გულში იქნებიან. მინდა ბარსასა და აიაქსის თითოეულ ფეხბურთელს შესანიშნავი გამოსვლისა და თავდადებისთვის მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ბიჭებს ამსტერდამიდან“,-თქვა 42 წლის ჰოლანდიელმა.

 

კლუივერტმა, რომელიც შარშან ზაფხულიდან მოყოლებული კამერუნის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, 1991-97 წლებში აიაქსში, ხოლო 1998-2004-ში ბარსელონაში ითამაშა. ამსტერდამულ გრანდთან მან ჩემპიონთა ლიგა, ხოლო კატალონიურთან ერთად ესპანეთში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.