როცა ფეხბურთი გულშია

დღეს ეროვნული ლიგა ბათუმის დინამოს გარეშე ისევე წარმოუდგენელია, როგორც თავად ბათუმი შავი ზღვის გარეშე. ყველანი ვთანხმდებით, რომ საქართველოს მთავარ ლიგაში სათამაშო დონემ აიწია.

მეტი მუღამი და ინტერესი შეიძინა, მთავარი ტალღა კი აჭარიდან მოდის.

 

გუნდი ხომ გამორჩეულია და ლიდერობს; სტადიონზე ატმოსფეროც წარმოუდგენელია, უყურებ და არ გჯერა, ეს მართლა ჩვენს ჩემპიონატში ხდება? ხალხი ღობეებზე და ხეებზეც კი ზის...

 

ბათუმში ადრეც ძალიან უყვარდათ ფეხბურთი. ვეტერანმა ფეხბურთელმა, ბათუმელთა ყოფილმა ლიდერმა ამირან მუჯირმა მითხრა ერთ–ერთ ინტერვიუში:  

 

“90–იანი წლების დასაწყისში სტადიონი აგვიშენეს და ხალხი იქ კი არ მოდიოდა საყურებლად, არამედ მორბოდა. ქუჩაში გამოხვიდოდი, გცნობდნენ, შენსკენ თითს იშვერდნენ, აი ბათუმის დინამოს ფეხბურთელიო. მინახავს, ქალს პატარა შვილი ჰყავდა ხელში აყვანილი, გამოიქცა და ჩემთან სურათი გადაიღო. ხალხის თვალებში სიხარული ჩანდა და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური გაჭირვება იყო”.   

 

იმ პერიოდზეა საუბარი, როცა ბათუმის დინამომ სერბული ობილიჩი გამოთიშა, მაგარ პსვ–ს შინ ფრე ეთამაშა, სელტიკს ებრძოლა...  

 

დღესაც, ბათუმში სტადიონი შენდება და ეს მოქმედებს. ხალხი მონატრებულია ფეხბურთს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბათუმის დინამო არასოდეს გამხდარა საქართველოს ჩემპიონი და წლეულს უკვე მოლოდინია: რატომაც ვერა?.. კარგი შემადგენლობა და დიდი დაფინანსება.          

 

ორი–სამი წლის წინ, კლუბის მაშინდელმა დირექტორმა და ამჟამად დირექტორატის წევრმა ოთო ფედიჩკინმა 2017 წლის თებერვალს ინტერვიუში თქვა:

 

ყველანაირად წინ მიდის კლუბი, ბათუმის დინამოს დიდი პოპულარობა ქალაქში შეიმჩნევა. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ აღარავინ ლაპარაკობს აგდებულად: „რა ბათუმის დინამო, ფეხბურთი კიდევ არსებობს?!..  დღეს სხვაგვარადაა, ადრე ბათუმში სულ რეალი და ბარსელონა ისმოდა, ახლა ბათუმის დინამოს უფრო ხშირად გაიგონებთ. კედლებზე წარწერებია, მე მიყვარს ბათუმის დინამო და ასე შემდეგ...“

 

მერე ისე მოხდა, რომ გუნდი ქობულეთში ვარჯიშობდა და თამაშობდა, რაც აბრაზებდა გულშემატკივრებს, განსაკუთრებით კი ასაკოვან პიროვნებებს. რატომ ქობულეთში? ამხელა ბათუმში რატომ არ არის სტადიონი? მერე, როცა გუნდი საკუთარ ქალაქს დაუბრუნდა, სიტუაციაც უცებ შეიცვალა – შარშანწინ ხალხი ტრიბუნებს ავსებდა. რომ დავწეროთ, არიქა და აფიშებია გაკრული და პიარზე სპეციალური მუშაობა მიმდინარეობსო, არ ვიქნებით მართალნი. ფედიჩკინმაც გვითხრა, რომ ასე არაა. უბრალოდ, ადამიანებს გულში ჰყავთ კლუბი და ზედმეტი სტიმული არ სჭირდებათ.  

 

მადლობა ეკუთვნით ბათუმის დინამოს ფან–კლუბს „პირატებს“ და ზოგადად ყველა იმ გულშემატკივარს, რომლებიც ელიგას ალამაზებენ. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.