სიგიჟე ეტიჰადზე და 44 წლიანი ლოდინის დასასრული (ვიდეო)

ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ჩემპიონობა

მანჩესტერ სიტი პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა და გულშემატკივრები ძალზედ გაახარა. გვარდიოლას გუნდმა ტიტული არცთუ ისე მარტივად მოიგო, ინგლისელთა ჩემპიონობა ბოლო ტურში გადაწყდა.

 

მანჩესტერელთა ისტორიაში ერთი ჩემპიონობა განსაკუთრებით სასიამოვნო და დრამატულია. აბა როგორია, როცა მატჩის დამთავრებამდე წუთი და 40 წამით ადრე გატანილი გოლით ისაკუთრებ თასს.

 

2012 წლის 13 მაისს პრემიერლიგის ბოლო ტური გაიმართა. ორივე მანჩესტერულ გუნდს თანაბარი ქულები ჰქონდათ და ბურთების უკეთესი სხვაობით, ცხრილის სათავეში სიტი იყო. მანჩესტერმა თავისი თამაში სანდერლენდთან 1:0 მოიგო და ყველაფერი ქალაქელებზე იყო დამოკიდებული, მანჩინის გუნდი ქპრ-ს მასპინძლობდა. მატჩი მათთვის კარგად დაიწყო, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე პაბლო საბალეტამ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში ქპრ-მ გაათანაბრა, რამაც სიტუაცია დაძაბა. მალე სტუმრები 10 კაცით დარჩნენ და თითქოს ამან სიტის საქმე გაუმარტივა, თუმცა პირიქით. ჯო ჰარტს კიდევ ერთხელ მოუწია ბურთის კარიდან გამოტანა.

 

დრო გადიოდა საშველი კი არსაიდან ჩანდა. გუნდს 44 წელიწადი ჩემპიონატი არ ჰქონდა მოგებული და ნანატრ ტიტულთან ასე ახლოს იყო, ანგარიში კი ტაბლოზე მათ საწინააღმდეგოდ ეწერა. მსაჯმა 5 წუთი დაამატა და სიტის 2 გოლი სჭირდებოდა. 92-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ედინ ჯეკომ თავურით აიღო მეტოქის კარი, 2 წუთში კი აგუერომ ბალოტელისთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა და ისტორიული გოლი გაიტანა.

 

დაუვიწყარი ემოცია, სიხარული, ზეიმი, შამპანიურის წვიმა და საერთოდ ყველაფერი რაც ასეთ დროს ხდება ხოლმე. 44 წლიანი ლოდინი დასრულდა და სიტი ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ საბალეტას საგოლე პასი იაია ტურემ გაუკეთა, რომელმაც 1 წუთში მოედანი ტრავმის გამო დატოვა, თავად არგენტინელმა იმ სეზონში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და ისიც რაოდენ მნიშვნელოვანი, ბალოტელიზე კი უნდა ითქვას, რომ პრემიერლიგაში თამაშის განმავლობაში მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და თანაც რა დროს.