უნაი ემერი: თბილისშიც იგივე მოხდა

არსენალის მწვრთნელი უეფას აკრიტიკებს

29 მაისს, ბაქოში, ევროპის ლიგის ფინალური მატჩი შედგება. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ლონდონური კლუბები - ჩელსი და არსენალი იბრძოლებენ.

 

მატჩამდე, მეთოფეთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ უეფას გადაწყვეტილება გააკრიტიკა. ესპანელი სპეციალისტის აზრით, გადამწყვეტი შეხვედრების აღმოსავლეთ ევროპაში ჩატარება არასამართლიანია, რადგან გუნდებს შორ მანძილზე ფრენა უწევთ. ემერის არ მოსწონს ისიც, რომ ლონდონური კლუბების გულშემატკივრები ფინალზე დასასწრები ბილეთების შეზღუდულ რაოდენობას მიიღებენ, უპირატესობა კი აზერბაიჯანელ მაყურებელს მიენიჭება. ამ თემაზე საუბრისას, პსჟ-სა და სევილიას ყოფილმა დამრიგებელმა 2015 წელს, თბილისში ჩატარებული სუპერთასის შეხვედრაც გაიხსენა.

 

„უკეთესი იქნებოდა, ფინალი სადმე ინგლისთან ახლოს რომ ჩატარებულიყო, რადგან ორივე კლუბი ლონდონურია და გულშემატკივარსაც გამგზავრება გაუადვილდებოდა.

 

არ მესმის, რატომ ატარებენ ბაქოში ევროპის ლიგის ფინალს. აქ ჩვენი გულშემატკივრებისთვის ბილეთების რაოდენობა ძალზედ შეზღუდულია. სამი წლის წინ, სუპერთასზე სევილიასთან ერთად, ბარსელონას წინააღმდეგ თბილისში ჩავედი, სადაც ანალოგიური მდგომარეობა იყო. 

 

2016 წელს, ამ ტურნირის ფინალი შვეიცარიაში შედგა. იქ ჩვენ ლივერპულს დავუპირისპირდით და სტადიონი სავსე იყო ორივე კლუბის ქომაგებით. შესაძლოა, ტრიბუნები ბაქოშიც შეივსოს, მაგრამ ამას ჩვენი და ჩელსის ფანები ვერ გააკეთებენ. უეფას გადაწყვეტილების არ მესმის“.-თქვა 47 წლის თავკაცმა.

 

 

უნაი ემერის ამ სეზონში ბაქოში ჩასვლა ერთხელ უკვე მოუხდა - ოქტომბერში, არსენალი ჯგუფურ ეტაპზე ყარაბახს დაუპირისპირდა და 3:0 მოუგო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.