შავი კატის ამბავი

რა მოხდა დიბალასა და რონალდუს შორის

ლეო მესი კარიერას ალბათ ბარსელონაში დაასრულებს. კრიშტიანუ რონალდუსთვის კი იუვენტუსი მეოთხე კლუბია სპორტინგის, მანჩესტერისა და მადრიდის რეალის შემდეგ.

კრიშტიანუს იუვეში, მთავარ კაცად ასევე არგენტინელი, მესის მემკვიდრე, ასევე 10 ნომერი პაულო დიბალა დახვდა.

 

სეზონის დასაწყისში წყვილი ხალისით პოზიორობდა ფოტორეპორტიორების წინ ბიანკონერის სასწავლო ცენტრში. დიბალა ბედნიერი ჩანდა ახალ, სახელიან პარტნიორთან ურთიერთობით. 

კლუბის მამები და ქომაგები კი დაიზაფრნენ, ელოდნენ როგორ განვითარდებოდა ურთიერთობა პორტუგალიელსა და სამხრეთამერიკელს შორის.

რვა თვის თავზე კრიშტიანუ ძველებურად დაფრინავს. 42 მატჩში 28 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის ატლეტიკოსთან გამართულმა ერთი მსახიობის თეატრმა (ჰეთ თრიქი) ხომ საერთოდ სეზონის ერთ-ერთ მთავარ გმირად აქცია.

 

ამასობაში დიბალა დაიკარგა. ალაპარაკდნენ კიდეც მის სხვა გუნდში შესაძლო გადაბარგების შესახებ.

ოფიციალური ვერსიით, რონალდუს და დიბალას ცუდი ურთიერთობა არ აქვთ. მაგრამ...

აიაქსთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ნაჭამი სირცხვილის შემდეგ, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობას გუნდის გადახალისება განუზრახავს და დიბალას გაყიდვა ერთობ სარფიან გადაწყვეტილებად მოუჩანს. კერძოდ, თუ არგენტინელის გაყიდვიდან შემოსულ ფულს კიდევ დაამატებენ:  ჟოაო ფელიშს, მაურო იკარდის, ფრედერიკო კიეზასა და მოჰამედ სალაჰს იყიდიან.

„ბედნიერი ვარ. ეროვნულ გუნდში ლიონელ მესის, იუვენტუსში კი კრიშტიანუ რონალდუს მხარდამხარ რომ ვთამაშობ. ბევრი დაიკვეხნის, რომ თანამედროვეობის ორ უდიდეს ფეხბურთელთან უთამაშია?“ - ამბობდა დიბალა.

 

მაგრამ რას ფიქრობს დღეს, არავინ იცის. კრიშტიანუ ხელშეუხებელია თავდასხმაში. ასევეა მარიო მანჯუკიჩიც. ხორვატი ნამდვილი მებრძოლია. ერთ-ერთი ყველაზე მუშა ფეხბურთელი ლიგაში. ის დაცვასაც ეხმარება და ფლანგებზეც ნაყოფიერად ირჯება. მანჯუკიჩის „ყოვლისმომცველობა“ რონალდუს 34 წლის ფეხების შენახვაში, სიღრმიდან დრიბლინგების შესრულებასა და  საჯარიმოში შედარებით თავისუფლებაში ეხმარება. 

ალეგრი ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკოსია მსოფლიო ფეხბურთში. იმის გარდა, რომ ბოლო წლებში იუვენტუსი სკუდეტოებით დახუნძლა, იშვიათი უნარი აქვს მაქსიმუმი გამოწუროს მოთამაშეებისგან. ალეგრი სქემას კი არ არგებს ფეხბურთელებს, არამედ პირიქით, საღ აზრს ეყრდნობა და ფეხბურთელების შესაძლებლობებიდან გამომდინარე ქმნის სქემას. 

გასულ სეზონში უფრო ხშირად „ქალბატონი“ 4-3-3 სისტემით თამაშობდა. 10 ნომერმა, ამ შემთხვევაში, დიბალამ, ცოტა შიცვალა ფუნქცია. ის აღარ იყო თავდამსხმელებს უკან მყოფი კლასიკური „ათიანი“, ან მეორე შემტევი. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ რონალდუსთვის მაქსიმალურად გაეთავისუფლებინა სივრცრე და მიეცა საშუალება ემოქმედა ისე, როგორც მოუნდებოდა.

 

 

ამ ყველაფერმა დიბალა კიდევ უფრო ჩრდილში მოაქცია. საჯარიმოების შესრულების უფლებაც პორტუგალიელს დაუთმო. შედეგად, მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი ბურთი გაიტანა 22 შეხვედრაში. მაშინ როცა წინა სეზონში ეს მაჩვენებელი 17-ს უდრიდა.

და კიდევ: დიბალა ჯერ კიდევ დაუმუშავებელი ბრილიანტია და მისი სათადარიგოთა სკამზე ყოფნა ნამდვილად დანაშაულის ტოლფასია.

ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, შესანიშნავი არგენტინელი ზაფხულიდან სხვა კლუბში რომ ვიხილოთ.