იკარდი და ვანდა იუვეს შეუთანხმდნენ - ჯერი ინტერზეა

8 მილიონი და მაცდური წინადადება არგენტინელს

La gazzetta delo sport-ი წერს, რომ მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრისას, არგენტინელი თავდამსხმელი მილანის ინტერს გამოემშვიდობება და კარიერას ტურინის იუვენტუსში გააგრძელებს. ნერაძურის ყოფილი კაპიტანი მეუღლესა და აგენტ ვანდა ნარასთან ერთად, ბებერი ქალბატონის წარმომადგენლებს უკვე რამდენჯერმე შეხვდა და პირად შეთანხმებას მიაღწია, ახლა კი ჯერი კლუბებზეა.

ცნობილია ისიც, რომ 26 წლის ფორვარდი ბიანკონერისთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება ყოველწლიური 8 მილიონი ევრო იქნება.

ფეხბურთელს ანტონიო კონტესთან მუშაობა არ სურს, რომელიც დიდი ალბათობით, მილანურ კლუბს ჩაიბარებს. იკარდის შეთავაზებები როგორც ლა ლიგიდან, ისე პრემიერლიგიდან აქვს, თუმცა ვანდას იტალიაში დარჩენა სურს, სერია ა-ში კი ერთადერთი არჩევანი სწორედ მოქმედი ჩემპიონია.

ბარსელონას აღზრდილი ფეხბურთელი ინტერში 2013 წელს გადავიდა. მას მერე მილანელებისთვის 123 გოლი გაიტანა და ორჯერ სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.